თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებები მისაღებია. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამსახურის რეორგანიზაცია პრაქტიკულად დაწყებულია.
”სამსახურის რეორგანიზაცია ჩვენ პრაქტიკულად უკვე დაწყებული გვაქვს და რამდენიმე შეხვედრა გაიმართება ამ საკითხებზე. ეს გულისხმობს სამსახურის არა მხოლოდ სტრუქტურულ ცვლილებებს, არამედ მოქმედ წესებში და რეგულაციებში ცვლილებების შეტანას, რათა ადმინისტრაციული პროცედურები კიდევ უფრო გამკაცრდეს. სწორედ ამიტომ მივიღებ ნებისმიერ მოსაზრებას და წინადადებას. ჩემთვის საინტერესო და ყურადსაღები იყო გამწვანების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული დოკუმენტი. სამი პუნქტი იყო, სამივე ნაწილი მისაღებია და მათთან ერთად ვიმუშავებთ”, - განაცხადა ნარმანიამ.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მოქალაქე მერიას მოუწოდებს, დაიწყოს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია; დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით, ჩამოყალიბდეს ისეთი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქალაქის გარემოს მდგომარეობის სრულფასოვან მონიტორინგზე, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებაზე, გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე საქმიანობების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას ქალაქის გარემოსდაცვითი ინტერესების გატარებაზე.
ხელისმომწერები ასევე ითხოვენ, რომ რომ 2016 წლის 17 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრის ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ყველა დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს.
არასამთავრობოები ასევე მოითხოვენ, გატარდეს ისეთი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს დედაქალაქში შენობა-ნაგებობების მშენებლობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ადრეულ და სრულფასოვან მონაწილეობას.