გუბაზ სანიკიძე - მიხეილ ჯანელიძეს ვთავაზობ, მობრძანდეს პარლამენტში - მინისტები მიეჩვივნენ იმას, რომ ქვეყნის უფროსები ჰგონიათ თავი

გუბაზ სანიკიძე - მიხეილ ჯანელიძეს ვთავაზობ, მობრძანდეს პარლამენტში - მინისტები მიეჩვივნენ იმას, რომ ქვეყნის უფროსები ჰგონიათ თავი

”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იწვევს. 

გუბაზ სანიკიძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის აღიარების საფრთხესთან დაკავშირებით მის განცხადებაზე საგარეო საქმეთა მინისტრის გუშინდელ კომენტარს გამოეხმაურა.

”პირველი, რითაც მინდა დავიწყო, ეს არის სასიხარულო ამბავი - საქართველოს თურმე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყოლია, რაც არ არის ცუდი. მე მინდა დავაზუსტო - როდესაც მე ვთქვი, რომ ჩვენს მიერ გარკვეული პრევენციული ზომები იქნა მიღებული არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით, მან გაიგო უკუღმა. არაბული ქვეყნები კი არ აპირებდნენ აღიარებას, ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენლები აპირებდნენ არაბულ ქვეყნებში დაეწყოთ პროცესი, მოეპოვებინათ მხარდამჭერი ჯგუფები იმისთვის, რომ არაბულ ქვეყნებში განხილულიყო აფხაზეთის აღიარების საკითხი. საერთოდ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი რომ გამოუცდელია ადასტურებს ერთი რამ - მის ადგილზე ნებისმიერი გამოცდილი დიპლომატი ჯერ შემხვდებოდა მე, გავისაუბრებდით, იქნებ ვეუბნებოდი ყველაფერს, იქნებ საქმის კურსში ვაყენებდი და შემდეგ გააკეთებდა ასეთ განცხადებას. მაგრამ ის არის ძალიან გამოუცდელი და ცოტა მორცხვი მინისტრი”, - განაცხადა სანიკიძემ.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, მისი განცხადება საერთოდ არ ეხებოდა მიხეილ ჯანელიძეს და საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო თამარ ბერუჩაშვილი.

”დღეს მიხეილ ჯანელიძეს ვთავაზობ, მობრძანდეს პარლამენტში. მინისტები მიეჩვივნენ იმას, რომ ქვეყნის უფროსები ჰგონიათ თავი. საქართველოში საშინაო და საგარეო პოლიტიკას განსაზღვარს პარლამენტი. მობრძანდეს პარლამენტში და მე მას პირადად ჩავაყენებ საქმის კურსში, ოღონდ მან უნდა მომცეს გარანტია, რომ ინფორმაცია არ გავა. იმ ადამიანების, იმ ჯგუფების ვინაობა, რომლებიც არაბულ ქვეყნებში საქართველოს სასიკეთოდ მოქმედებდნენ, არ უნდა იყოს გაცხადებული. ამის მყარი გარანტია უნდა მომცეს. შეხვედრისთვის მზად ვარ, ოღონდ პარლამენტში მობრძანდეს ის”, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისი განცხადება შეეხებოდა დაახლოებით 2 წლის წინანდელ ვითარებას. 

მისივე თქმით, ამ საფრთხის შესახებ მაშინდელი მინისტრისთვის არ უთქვამს, მაგრამ საქმის კურსში იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, საქართველოს დღევანდელ მთავრობას არ აქვს სამეზობლო პოლიტიკა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრს ძალიან ცოტა ვიზიტი აქვს საზღვარგარეთ განხორციელებული.

”ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის შინაური მინისტრი და არა საგარეო საქმეთა მინისტრი”, - აღნიშნა სანიკიძემ.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა აწარმოოს კარგი გაგებით აგრესული საგარეო ურთიერთობები სამეზობლოში.

”ჩვენს თვალწინ ამ დღეებში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიდის აზერბაიჯანში. ის პროექტები, რომლებიც საქართველოსთვის პოტენციურად გეოსტრატეგიული და ეკონომიკურად მომგებიანია, ფაქტობრივად, იკარგება იმის გამო, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს ჩამოყალიბებული მოსაზრება სამეზობლო პოლიტიკაში.

დღევანდელი პრემიერისთვის არაერთგზის მითქვამს, რომ საქართველოს მთავრობის წარმოამდგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ჩავიდეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. სანქციების მოხსნის შემდეგ ირანი არის ძლიერი ეკონომიკური სახელმწიფო რეგიონში და მსოფლიოში და მასთან ურთიერთობები სტრატეგიული მნიშვნელობის არის ჩვენთვის. 

მიმაჩნია, რომ დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე სუსტი მინისტრი. ის არ ფლობს ვითარებას, არ აქვს ინფორმაციები”, -აღნიშნა სანიკიძემ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გუბაზ სანიკიძეს გუშინ გამოეხმაურა. მიხეილ ჯანელიძემ არ დაადასტურა ინფორმაცია, თითქოს არაბული სამყაროს ქვეყნებში აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას ხელი „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ შეუშალა.