თურქეთის სამხედრო ეკიპაჟის გარდა გონიოში, ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების ძებნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც შეწყვიტა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის უწყებაში განუცხადეს, ამ დროისთვის ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია მთლიანად შეწყვეტილია.
„დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაცია შეწყდა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, ახლა შემდგომი პროცედურები დაიწყება, რაც წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვლილებად გამოცხადებასა და ოჯახების კომპენსირებას გულისხმობს.
”პროცედურების პარალელურად ან დასრულებისთანავე, სამინისტრო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის დახმარებას გაუწევს ოჯახს”, - განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 11-დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა, შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ. გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.