გოდერძი თევზაძე მას შემდეგ მიემალა გამოძიებას, რაც დარწმუნდა, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდიოდა და ის უნდა მიცემულიყო პასუხისგებაში, - ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საქმეზე ათეულობით ადამიანია მოწმის სახით დაკითხული. ”ჩვენ გვქონდა 2 კვირა ამ საქმის გამოსაძიებლად. ჩასატარებელი იყო მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და ათეულობით ადამიანი არის ამ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული, ჩატარებულია ექსპერტიზები, მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და კალიგრაფიული ექსპერტიზა. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ამოწურა ეს საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც აუცილებელი იყო ბრალდების წარსადგენად, სწორედ მაშინ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენ ავიღეთ დაკავების განჩინება და ამის შემდეგ დავიწყეთ მისი ძებნის და დაკავების ღონისძიება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საჭირო იყო იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რა შემთხვევაშიც ჩვენ მივიღებდით დაკავების განჩინებას და ეს მართლაც ასე მოხდა”, - აღნიშნა კოკა კაციტაძემ.
პროკურორის თქმით, ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ორჯერ დაკითხეს და ის გამოძიების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. ”12 აგვისტოდან მოყოლებული იძიებს პროკურატურა ამ საქმეს და როგორც აღვნიშნე, ათეულობით საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებული, მათ შორის მოწმის სახით ორჯერ დაკითხულია ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე და იგი ცდილობდა, რომ კვალი აერია გამოძიებისთვის და გამოძიება შეცდომაში შეეყვანა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდიოდა და გამოძიება მიდიოდა სწორედ იქით, რომ გოდერძი თევზაძე უნდა მიცემულიყო პასუხისგებაში, ამის შემდეგ მიემალა იგი საგამოძიებო ორგანოს. იგი არის მოწმის სახით დაკითხული და ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გავატარეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავიღეთ დაკავების განჩინება. დაკავების განჩინება არ გაიცემა მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე. აქ უნდა იყოს მოთხოვნა და მას უნდა ერთვოდეს კონკრეტული მტკიცებულებები. ჩვენ რომ არ გვქონოდა მტკიცებულებები, ჩვენ რომ არ ჩაგვეტარებინა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, არ გვექნებოდა დაკავების განჩინება და შესაბამისად არ გვექნებოდა საფუძველი, რომ გამოგვეტანა დადგენილება ყოფილი პოლიციელის პასუხისგებაში მიცემის შესახებ”, - განაცხადა კაციტაძემ.
პროკურორის თქმით, მიმალვის მდგომარეობა არ არის საბოლოო მდგომარეობა. ”საბოლოო მდგომარეობა იქნება ჩვენი მოთხოვნა, რომ მის მიმართ გამოიტანონ გამამტყუნებელი განაჩენი და ეს ადამიანი წარდგეს სასამართლოსა და მართლმსაჯულების წინაშე”, - აღნიშნა კაციტაძემ.