31 აგვისტო-2 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვევა რესპუბლიკა ბელარუსის სამთავრობო დელეგაცია ვიცე-პრემიერ მიხაილ რუსის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-3 სხდომის მუშაობაში. ასევე დგეგმილია სხვა ღონისძიებები და სამუშაო შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის - ბელარუსის რესპუბლიკის გამოფენა და ბიზნეს-ფორუმი.
ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის ვიცე-პრემიერი, მიხაილ რუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ასევე ოფიციალური შეხვედრა გაიმართება ორი ქვეყნის ვიცე-პრემიერებს შორის - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის ვიცე-პრემიერს, მიხაილ რუსის შეხვდება.
31 აგვისტოს ბელარუსის დელეგაციის წევრები ეწვევიან საქართველოს ტექნოლოგიურ პარკს, გაეცნობიან მის საქმიანობას, დაათვალიერებენ იქ მიმდინარე პროექტებს. ამავე დღეს ბელარუსის დელეგაციის წევრები თბილისში დაესწრებიან მაღაზია „პინკსდრევ“-ის გახსნის ცერემონიას, ასევე იგეგმება ტრაქტორების ამწყობი ქარხნის დათვალიერება.
1-ლ სექტემბერს თბილისის საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული გამოფენა გაიხსნება, იქვე ჩატარდება საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმიც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ბელარუსული საწარმოების ხელმძღვანელი პირები. ამავე დღეს იგეგმება ბელარუსის დელეგაციის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან.
ბელარუსის დელეგაციის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 1-ლ სექტემბერს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მესამე სხდომით გაგრძელდება, მის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმებაა დაგეგმილი.