ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის საქმეზე გივი თარგამაძე დაიკითხება

ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის საქმეზე გივი თარგამაძე დაიკითხება

”კანონიერი ქურდობისა” და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანის საქმეზე, ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე დაიკითხება. ამის შესახებ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ვაჟა თოდუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის ინფორმაციით, თარგამაძის სასამართლოში დაკითხვა უახლოეს პერიოდში მოხდება.

”დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, მათ შორის ბატონი გივი თარგამაძის ჩვენება. შესაბამისად, ის მოწვეული იქნება სასამართლო სხდომაზე, რათა გამოკვლეული იქნას მხარეთა მიერ გივი თარგამაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ეხება”, - განაცხადა პროკურორმა.

თავის მხრივ, დავით გერლიანის ადვოკატმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება ე.წ. კანონიერი ქურდობის ბრალდებაში, მხოლოდ გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა და მას გერლიანის წინააღმდეგ სხვა მტკიცებულებები საქმის ამ ნაწილში არ გააჩნია.