საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მოსამართლე ლალი ფაფიაშვილს ე.წ გახმაურებულ საქმეებზე აცილების შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად პლენუმის წევრი 9 მოსამართლიდან 5-ის თანხმობა სჭირდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩევლის, გიორგი ლომთაძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე პლენუმის კენჭისყრაში მონაწილეობა თავად ლალი ფაფიაშვილსაც შეუძლია.
მისივე თქმით, აცილების შუამდგომლობაზე პლენუმი საქმეების განხილვის პარალელურად იმსჯელებს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონმდებლობით, საქმის განმხილველ მოსამართლეს კანონით აქვს მინიჭებული განაცხადოს თვითგანრიდების შესახებ. სასამართლო აღნიშნულზე იმსჯელებს საქმეების განხილვის პარალელურად და გამოიტანს გადაწყვეტილებას. კონკრეტულად რა ვადაში იქნება გადაწყვეტილება, ეს არ არის დადგენილი. კანონმდებლობით დადგენილია, რომ საქმის განმხილველ მოსამართლეთა უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს მხარი თვითგანრიდების დაკმაყოფილებას ან ამაზე უარის თქმას“, - აღნიშნა გიორგი ლომთაძემ.
როდის შეიკრიბება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ჯერჯერობით უცნობია. ლალი ფაფიაშვილის აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ე.წ გახმაურებული საქმეების განხილვას პლენუმი 8 მოსამართლის შემადგენლობით გააგრძელებს. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიღებისას ხმები თანაბრად გაიყოფა, სარჩელი ავტომატურად არ დაკმაყოფილდება.
დღეს მოსამართლე ლალი ფაფაიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ გახმაურებული საქმეების განხილვაზე აცილების შუამდგომლობით მიმართა. ლალი ფაფიაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 28 აგვისტოს გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ფაფიაშვილის ოჯახის წევრებზე შესაძლო ზეწოლას ეხებოდა.