"ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებაზე ვმუშაობთ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის დასაწყისში მან ბიზნესმენებს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს ქვეყნის სწრაფი განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელსაც შეუძლია, მოიტანოს მნიშვნელოვანი გარღვევა ქვეყნის ეკონომიკაში.

"მინდა მოგისმინოთ თქვენ, მოვისმინო რეკომენდაციები ადამიანებისგან, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება და კარგად ხედავენ, თუ რა არის გასაკეთებელი, რათა მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო გაუადვილდეს მუშაობა. ვფიქრობთ, მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას შეუძლია, მოიტანოს ძალიან სერიოზული თვისობრივი ცვლილება ქვეყნის განვითარებაში. არჩეულია ზუსტად ის მიმართულებები, რომლებზეც ფოკუსირება მოგვცემს საშუალებას, ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებები მოვიტანოთ ქვეყნის განვითარებაში.  ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების პროგრამა. პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელის მიხედვითაც, 1 იანვრიდან მოგების გადასახადი უქმდება ქვეყანაში. დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება. ამ პაკეტის თანახმად, ასევე ანგარიშების დაყადაღება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აღარ იქნება შესაძლებელი. ესეც მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში. ჩვენ ვმუშაობთ დამატებით ცვლილებებზე, მათ შორის,  კომპანიების შემოწმების ვადის რეგლამენტირებაზე და ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებაზე",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.