„ნაციონალური მოძრაობის“ და „რუსთავი 2“-ის მხრიდან ზეწოლის განხორციელება ახალი ამბავი არ არის, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის განცხადება, რომელმაც სასამართლოს ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე თვითაცილების თხოვნით მიმართა.
გია ვოლსკის თქმით, გიორგი პაპუაშვილი თავად კი არ უნდა სვამდეს ამდენ კითხვას, არამედ პასუხებს უნდა სცემდეს დასმულ კითხვებს.
რაც შეეხება ლალი ფაფიაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2“-ის მხრიდან მასზე ზეწოლა მიმდინარეობს, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თითქმის ერთი და იგივეა და მათი მხრიდან ზეწოლის განხორციელება ახალი არ არის.
„ზეწოლა მიმდინარეობს ინტენსიური და გიორგი პაპუაშვილმა გაცილებით მეტი პასუხი უნდა გასცეს შეკითხვებს, ვიდრე შეკითხვებს სვამდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა სასამართლო დღემდე პოლიტიკური გავლენების ქვეშ, დეპუტატის თქმით, სასამართლო ამ დრომდე მოდიოდა სერიოზული პოლიტიკური გავლენებით.
„მე ვფიქრობ, რომ არის მოსამართლეთა ნაწილი, რომლებმაც უარი თქვეს გიორგი პაპუაშვილის ინსტრუქციების შესრულებაზე და არის ჯგუფი, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერია. უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლო განახლდება და განახლებული ძალებით შეუდგება მუშაობას და ვფიქრობ, ეს საკითხებიც დღის წესრიგიდან მოიხსნება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ გახმაურებულ საქმეებზე აცილების თხოვნით მიმართა.
შესაბამისი განცხადება ფაფიაშვილმა ბათუმში, ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, აცილების შუამდგომლობის დაყენება უკავშირდება 28 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა მის მიმართ შესაძლო ზეწოლას.
"თავს ვალდებულედ ვთვლი, გამოვეხმაურო 28 აგვისტოს, გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტს ჩემს მიმართ შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის იყო და იქნება გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი ძირითადი დამცველი, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში სამოქალაქო საზოგადოების გამოყენება ცალკეულ მოსამართლეებზე ან სასამართლოზე დაუსაბუთებელი დისკრედიტაციის მიზნით დაუშვებელი და მიუღებელია, ისევე როგორც ეს ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. მოსარჩელე მხარის მიერ ფაქტებით მანიპულირება, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაუსაბუთებელი ბრალდებები და ცილისწამება თანაბრად დაუშვებელია და ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას“, - აღნიშნა ლალი ფაფიაშვილმა.