ევროპარლამენტის "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, კნუტ ფლეკენშტეინმა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე ისაუბრა.
მისი თქმით, ძალიან სასიამოვნოა საქართველოში ჩამოსვლა და იმ პროგრესის ნახვა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.
"არ არსებობს საფუძველი, თავი შეიკავონ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისგან. ხვალ, ძალიან მნიშვნელოვანი სხდომაა ბრიუსელში. "კონსერვატორებმაც" ევროპარლამენტში ცალსახად და მკაფიოდ თქვეს, რომ მომწიფდა სიტუაცია ვიზარიბელარიზაციისთვის, დადგა დრო ამის განსახორციელებლად.
ძალიან შთამბეჭდავი იყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა სტრასბურგში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან ერთად და ყველა პარტიამ, განურჩევლად მათი ორიენტაციისა, ცალსახად მხარი დაუჭირა სწრაფ ვიზარიბელიზაციას და არანაირი განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა", - განაცხადა ფლეკენშტეინმა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები დაობენ იმაზე, ვის უნდა ჰქონდეს ბოლო სიტყვის უფლება.
"ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალი იქნება. მე ვიცი გერმანიის ფედერალური კანცლერისაგან, ქალბატონი მერკელისაგან და საგარეო საქმეთა მინისტრ შტაინმაერისაგან, როგორ იბრძვიან ამ შიდა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. მართლაც მოხარული ვიქნები, მივიღო საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ", - განაცხადა ფლეკენშტეინმა ვიცე-პრემიერ, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ.