მიხეილ ჯანელიძე არ ადასტურებს, რომ რამდენიმე არაბული ქვეყანა აფხაზეთის აღიარებას გეგმავდა და ამას ხელი გუბაზ სანიკიძემ შეუშალა

მიხეილ ჯანელიძე არ ადასტურებს, რომ რამდენიმე არაბული ქვეყანა აფხაზეთის აღიარებას გეგმავდა და ამას ხელი გუბაზ სანიკიძემ შეუშალა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ გარკვეულ პერიოდში აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება იგეგმებოდა და ამას ხელი „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ შეუშალა.

შესაბამისი კომენტარი ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ცოტა ხნის წინ გააკეთა, რითაც გამოეხმაურა გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ გარკვეულ პერიოდში აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას გეგმავდა რამდენიმე არაბული ქვეყანა და მან საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე საქართველო ამას გადაარჩინა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ბევრი პოლიტიკოსი ალბათ, წინასაარჩევნოდ ცდილობს ქულების დაწერას.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული არაღიარების პოლიტიკაში და წარმატებით ახორციელებს ამას. 2013-2014 წლებში ორმა ქვეყანამ უკან წაიღო აღიარება და ჩვენ დავამყარეთ მათთან დიპლომატიური ურთიერთობა. ყოველწლიურად იზრდება მხარდამჭერთა რიცხვი გაეროს ფარგლებში იმ რეზოლუციაზე, რომელიც მიმართულია იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე. ჩვენ ვაგრძელებთ ამ აქტიურ მუშაობას და ვურჩევდით მათ, ვისაც აქვს რაიმე ტიპის ინფორმაცია, ითანამშრომლოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც ეფექტურად მუშაობს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ვერანაირად ვერ დაადასტურებს გუბაზ სანიკიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პროცესს ძალიან ეფექტურად ახორციელებს, ეფექტურად მუშაობს და გავაგრძელებთ ამ მუშაობას“, - განაცხადა ჯანელიძემ.