ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მასაჩუსეტსის მცხოვრები მამაკაცი დააკავა, რომელიც პრეზიდენტ, ბარაკ ობამაზე თავდასხმას გეგმავდა.
ფედერალური ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 40 წლის ჯოზეფ გარგიულო საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივ იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს ინახავდა.
გარდა ამისა, ის ყიდულობდა დეტალებს, რათა დაემზადებინა ავტომატური შაშხანა და ასევე, აცხადებდა, რომ მას სურდა ბარაკ ობამას მოკვლა.
"დაკავებული აწარმოებდა ჩანაწერებს, სადაც აღნიშნულია, რომ მას სურდა პრეზიდენტის მოკვლა გოლფის მოედანზე" , - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიების ვარაუდით, ბარაკ ობამაზე თავდასხმა მიმდინარე თვეში იგეგმებოდა.
დაკავებული ეჭვმიტანილის სახლში სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს მუსულმანების მისამართით მუქარის შემცველი ხელნაწერები.
ცნობისთვის, დაკავებული ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, რის შემდეგაც სასამართლომ მას საბრძოლო ნივთიერებების და იარაღის ფლობა აუკრძალა, თუმცა ეჭვმიტანილმა აღნიშნული მოთხოვნა დაარღვია.