ლევან ბერძენიშვილი გოგა ხაინდრავას ფილმზე:  პოლიტიკის ინჩი-ბინჩი არ ესმის მის შემკვეთებს და გადამღებებს

ლევან ბერძენიშვილი გოგა ხაინდრავას ფილმზე: პოლიტიკის ინჩი-ბინჩი არ ესმის მის შემკვეთებს და გადამღებებს

”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიან მმართველობაზე გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული ფილმი ”ჰეროკრატია” ხელისუფლებას ბუმერანგივით შემოუბრუნდება.

როგორც ბერძენიშვილმა ”იბერიას” ეთერში განაცხადა, ასეთი ფილმები მუშაობს ხელისუფლების წინააღმდეგ.

”ისეთივე ეფექტს არ ველოდები, როგორც იმუშავა ციხის კადრებმა. ასეთი ფილმები მუშაობს ხელისუფლების წინააღმდეგ. აბა კარგად დაფიქრდით, ვინ არის ხელისუფლებაში და ფილმი ვის წინააღმდეგ არის მიმართული? თქვენ გგონიათ მოქალაქეები გადაიტანენ მოქმედებას 9 წლის იქით? ასეთი მაყურებელი გვყავს ჩვენ? ეს ფილმი შესაძლოა აღმოჩნდეს ბუმერანგივით და დაარტყას ხელისუფლებას იქ, სადაც არ ელოდება იმიტომ, რომ პოლიტიკის ინჩი-ბინჩი არ ესმის მის შემკვეთებს და გადამღებებს. ასეთია ჩემი ეჭვი”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ფილმის მიზანია იმის წარმოჩენა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მტერი - ”ნაციონალური მოძრაობა”.

”მე ვერ მოვხვდი ამ ელიტაში, რომ მენახა ფილმი. შინაარსი ვიცი, ხარისხი არ ვიცი, არ მინახავს. გოგა ხაინდრავას ფილმი არა მგონია, რომ უნახავად უნდა შევაქო. ამ ფილმის გადაღება იმიტომ მოხდა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მტერი ”ნაციონალური მოძრაობა”. ყველა ვინც აკრიტიკებს, არის ”ნაციონალური მოძრაობა”. მეც ”ნაციონალური მოძრაობა” ვარ და თუკი რამე არ მოგწონთ ხელისუფლების, თქვენ ხართ ”ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობა” რა არის, იხილეთ ხაინდრავას ფილმი - ეს გასაგებია. პრიმიტიულია და არ იმუშავებს. ვეჭვობ, რომ იმუშავებს ”ქართული ოცნების” წინააღმდეგ”, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.