საქართველოს პრემიერ–მინისტრი უახლოეს დღეებში ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი უახლოეს დღეებში ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი უახლოეს დღეებში ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის შეხვედრაზე აღინიშნა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. 
უწყების პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკურ, კულტურულ, სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებს და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაღმავების პერსპექტივებს.
გიორგი კვირიკაშვილმა და ელმარ მამედიაროვმა ისაუბრეს იმ მსხვილმასშტაბიან, რეგიონული მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და ხაზი გაუსვეს მათ მნიშვნელობას ეკონომიკური განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.
ადმინისტრაციის პრესსამსახურის მტკიცებით, შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმოადგენენ სატრანსპორტო კომუნიკაციების საკვანძო რგოლებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ყურადღება გამახვილდა ასევე ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე. 
”შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში ტურიზმის დადებითი დინამიკა, მათ შორის აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდის კუთხით. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს”, - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში. 
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე დაესწრნენ.