საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ბარლდებები და დაპირისპირება კვლავ გრძელდება. აღნიშნულ თემაზე სტატიას გაზეთი "რეზონანსი" აქვეყნებს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ და "ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, რომ შესაძლოა, წინასაარჩევნოდ გიორგი პაპუაშვილმა საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე ზეწოლა განახორციელოს. "რეზონანსი" წერს, რომ დეპუტატებისთვის პაპუაშვილის მოქმედების გეგმა უცნობია, თუ ამას როგორ და რა ფორმით განახორციელებს. ფოფხაძის თქმით, მან ეს ერთი თვის ვადაში უნდა მოახერხოს. "მტკიცებულების დონეზე არაფრის თქმა არ შემიძლია, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუ რა ფორმით მოხდება მოსამართლეების დისკრედიტაცია. თუმცა, რა მცდელობაც არ უნდა იყოს, მოსამართლეები მართლმსაჯულების ფარგლებში უნდა მოიქცნენ და კანონით დაკისრებული მოვალეობა შეასრულონ. მინდა მოსამართლეები გავაფრთხილო, ნუ აჰყვებიან პაპუაშვილის და "ნაციონალების" მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს" , - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. გიორგი პაპუაშვილს ბრალდებებს ასევე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე უყენებს. კობახიძის განცხადებით, პაპუაშვილს სასამართლოში უმრავლესობა არ აქვს სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად და სწორედ ამიტომ არ ტარდება პლენუმის სხდომა. მისი ინფორმაციით, მოსამართლეებზე თავდასხმის მონაწილე ყველა ის მედიასაშუალება იქნება, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობს". "ამ ყველაფერს ერთი საფუძველი აქვს - კონკრეტული მოსამართლეები დაქვემდებარებულნი არიან პოლიტიკურ კონიუნქტურას. განსაკუტრებულ აქცენტს გავაკეთებ ბოლო პროცესებზე, რაც შეეხება სარცელის შეცვლას. ეს შეიცავს მძიმე გადაცდომის ნიშნებს. ამ შემთხვევაში დარღვა კანონი" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მისი გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებებით ეცდება მოსამართლეებზე ზეწოლას. "ჩნდება ეჭვი, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ სცადოს, მისი გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებების მიერ განახორციელოს ზეწოლა მოსამართლეებზე, რათა შეძლოს რაიმე ფორმით მათი სასურველი დასკვნის მიღება" , - აღნიშნა კობახიძემ.