გია ვოლსკი - კარგი იქნება, თუ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ექნება საუბარი

გია ვოლსკი - კარგი იქნება, თუ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ექნება საუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტს უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთპიროვნულად შეარჩიოს და ის არავის შეუთანხმოს, თუმცა, როგორც მან ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კარგი იქნება, თუ ამ საკითხზე გიორგი მარგველაშვილს საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთანაც ექნება. 

”საკონსტიტუციო სასამარლოში მოსამართლეების დანიშვნა, პრეზიდენტის პრეროგატივაა. მას შეუძლია კანდიდატები არ შეუთანხმოს არავის, მაგრამ კარგი იქნება, თუ საუბარი ექნება თავის ხელმძღვანელ კოლეგებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან”, - განაცხადა ვოლსკიმ. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საკონსიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლოა ევა გოცირიძის, ირინა იმერლიშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის კანდიდატურები იქნას განხილული, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ამ კანდიდატურებთან მიმართებაში კონკრეტულ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან დარგის სპეციალისტი არაა. 

”კვერენჩხილაძეს ნაკლებად ვიცნობ. რაც შეეხება ევა გოცირიძეს და ირინა იმერლიშვილს, სპეციალისტებისგან ვიცი, რომ კომპეტენტური ადამიანები არიან”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლოა ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და ევა გოცირიძის კანდიდატურები იქნას განხილული.