არც იმდენად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ვართ საერთაშორისო ასპარეზზე, როგორადაც თავს მივიჩნევთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს ”ქართულ ოცნებას” აქვს პრობლემები და მრავალი ნაკლი, თუმცა ”ერთი რამ ცხადია - დღეს დამნაშავე ხელისუფლება არ გვყავს”.
”სამწუხაროა, რომ ”ნაცმოძრაობის” დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ დღემდე ამომწურავი პასუხები არ მოგვისმენია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკური დევნილები ამ ქვეყანაში აღარ არიან.
”მართალია, პროკურატურამ მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება ჯერ კიდევ ვერ შეძლოა, რისთვისაც შესაძლოა ობიექტური მიზეზებიც არსებობს - არ გამოვრიცხავ, მტკიცებულებათა უმრავლესობა ”ნაციონალებმა” გაანადგურეს, თუმცა დღეს ციხეში პოლიტპატიმრები კი არა, კრიმინალები არიან. ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების გარდა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ მერაბიშვილი და უგულავა პოლიტიკური შეხუდულებების გამო ისჯებიან”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, დასავლეთში ნაკლებად აინტერესებთ კონკრეტულ საქმეებში ჩაძიება.
”უბრალოდ შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ იმ ადამიანებს ვეღარ ხედავენ, რომლებთანაც რამდენიმეწლიანი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ, თანაც არც იმდენად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ვართ საერთაშორისო ასპარეზზე, როგორადაც თავს მივიჩნევთ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, რეგიონში მიმდინარე ცვლილებების გამო საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება ბევრად მნიშვენლოვანი გახდა, თუმცა ”ეს არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურ მოთამაშედ განვიხილებით”.
”ხელისუფლებამ საგარეო მიმართულებით ბევრად აქტიურად უნდა იმუშაოს, თუმცა ამ მხრივ ვერც ”ნაციონალური მოძრაობის” გადამეტებულ ხარჯებს გავამართლებ. საქართველოს ინტერესების საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად ოქროს შუალედია მოსაძებნი”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, განიხილება თუ არა ის მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატია და ”ორი სკამისთვის არ იბრძვის”.
”რეალურად, საგარეო კურსის პრობლემას დღეს ვერ ვხედავ. ახლა მთავარი ქვეყნის შიგნით განვითარებაა. პირველ რიგში, კი ქართულ პოლიტიკაში ახალი სისხლი გვჭირდება. საზოგადოებაში პოლიტიკის მიმართ ნდობა უნდა აღდგეს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.