ევროკავშირში ველით, რომ 8 ოქტომბერს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება

ევროკავშირში ველით, რომ 8 ოქტომბერს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება

ევროკავშირში ველით, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა განაცხადა. მისი თქმით, 2016 წელი მნიშვნელოვანია იმით, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. 

ამასთან, მაკალისტერმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატება უსურვა. „2016 წელი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ 8 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები. ჩვენ, ევროკავშირში გვინდა და ველით, რომ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. როგორც ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის სახალხო პარტიის, წარმატებას ვუსურვებ ჩემს მეგობარ და პარტნიორ „ნაციონალურ მოძრაობას“. ასევე, როგორც ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი ვუსურვებ საქართველოს, განაგრძოს რეფორმები“, - განაცხადა მაკალისტერმა.

მისივე თქმით, საქართველოს რეფორმები სჭირდება სხვადასხვა მიმართულებით. „საქართველოს სჭირდება რეფორმები ეკონომიკის სფეროში, ჩვენ ვიცით, რომ ასევე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის რეფორმები. მინდა გაგიზიაროთ ის შთაბეჭდილებები, რაც შემექმნა გორში. საქართველოს აქვს უფლება, იყოს დაცული მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ჩვენ ევროპელები თქვენს გვერდით ვართ, როცა რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, საქართველო უკვე 25 წელია დამოუკიდებელია, ადგას სტაბილური დემოკრატიის გზას და დიდი დემოკრატიისთვის საჭიროა სამართლის უზენაესობა, თავისუფალი მედია და პლურალიზმი“, - განაცხალა მაკალისტერმა.