ისრაელში საქართველოს 26 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დაკავებულთა ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს. ახლობლების ინფორმაციით, საქართველოდან გამგზავრებული ტურისტები სამართლადამცველებმა აეროპორტშივე დააკავეს.
დაკავებულების ოჯახის წევრები შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვენ.
მოქალაქეები ისრაელის მიმართულებით ტურისტულმა კომპანია ”თრეველ თუ ჯორჯიამ” გაამგზავრა.
„ყველას აუღეს თითის ანაბეჭდები და გაიყვანეს დაკითხვაზე. ყველას, ვინც ჩადის ისრაელში, ეს სტანდარტული შემოწმებაა, იქ არის ოფიცერი და ფსიქოლოგი და ეკითხებიან, რატომ ჩამოხვედით და ასე შემდეგ. მათ ჩათვალეს, რომ ესენი მომლოცველები არ არიან. მე ხომ არ ვიცი იქ რა მოხდა, 26-ვე ადამიანი გააჩერეს. ვინც მიდის, ჩვენ წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ხარჯებს ვერ აგინაზღაურებთ, იმ შემთხვევაში თუ ოფიცერმა არ გადაგიშვათ და უკან გამოგაბრუნათ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობთ სასტუმროს ხარჯები მაინც დავუბრუნოთ ხალხს“, - განუცხადა კომპანია ”თრეველ თუ ჯორჯიას” ხელმძღვანელმა ნატალია მოდებაძემ „რუსთავი 2“-ს.