თამაზ მეჭიაური - მივმართავ ივანიშვილს, თავისი ქონება სულ რომ გადაუფორმოს იან კელის და ბერად აღიკვეცოს, დასავლური ძალები და ”ნაციონალები” მაინც არ მოასვენებენ

თამაზ მეჭიაური - მივმართავ ივანიშვილს, თავისი ქონება სულ რომ გადაუფორმოს იან კელის და ბერად აღიკვეცოს, დასავლური ძალები და ”ნაციონალები” მაინც არ მოასვენებენ

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, თავისი ქონება სულ რომ გადაუფორმოს იან კელის, მემკვიდრეობის გარეშე რომ დატოვოს შვილები და ბერად აღიკვეცოს, დასავლური ძალები და ”ნაციონალები” მაინც არ მოასვენებენ, - ამის შესახებ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, „ ქართული საქმე გააკეთოს“, უარი უთხრას პროდასავლურ, პრორუსულ ძალებს და დაიკავოს ეროვნული პოზიცია.

”ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არჩევნებზე მივიღებთ მინიმუმ ისეთ მხარდაჭერას, რომ პარლამენტში ჩვენი თანხმობის გარეშე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნება. ახლა პოლიტიკური სპექტრი ორ ნაწილად ჩამოყალიბდა: ერთ მხარეს არიან დასავლეთიდან მართული ძალები-”ქართული ოცნება”, ”ნაციონალური მოძრაობა” და მათი სატელიტები და მეორე მხარეს ის ძალები, რომლებიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მარგინალურ როლს ასრულებენ. ერთი მხრივ ესენი არიან ის ქართველები, რომლებსაც ქართულ-რუსულ ურთიერთობაში მანდატიც კი არ გააჩნიათ და მეორე მხრივ, თანამდებობის პირები კრემლში, რომლებიც თითქოს ქართულ პოზიციას იკავებენ. მე მინიშნებები უკვე გავაკეთე და თუ არ შეწყვეტენ მარგინალობას, მათ გამოვააშკარავებ. მინდა მწუხარება გამოვთქვა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლური ძალების მძევალია და აქედან მივმართავ, რომ არათუ მხარდაჭერა გამოუცხადოს ”ქართულ ოცნებას”, არამედ თავისი ქონებაც რომ გადაუფორმოს იან კელის და მემკვიდრეობის გარეშე დატოვოს შვილები, ისინი მაინც არ მოასვენებენ, „ნაციონალები“ მაინც არ მოასვენებენ და ქართულ საქმესაც ვერ გააკეთებს. მივმართავ უარი თქვას პროდასავლური, პრორუსული ძალების მხარდაჭერაზე და დაიკავოს ეროვნული პოზიცია”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

რაც შეეხება პარტიაში მიმდინარე მოვლენებს და ლალი მოროშკინას გადაწყვეტილებას ოდესაში წასვლასთან დაკავშირებით, მეჭიაურმა აღნიშნა, რომ მოროშკინასთან განხეთქილება არ ჰქონია. 

მეჭიაურის თქმით, მას მედიიდან აქვს ინფორმაცია, რომ მოროშკინა სავარაუდოდ იმ ოლქში აპირებს მაჟორიტარად კენჭისყრას, რომელშიც სანდრა რულოვსი იყრის კენჭს, ამ შემთხვევაში, მეჭიაური მოროშკინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.