,,თავისუფალი დემოკრატები“ დავამსხვრევთ პოლიტიკოსების მიმართ დამკვიდრებულ ნიჰილიზმს და უნდობლობას, - ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ მე-8 ლეგიონში სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“,,თავისუფალი დემოკრატებიდან“ აცნობეს, პარტიის ლიდერმა მოსახლეობას რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თენგიზ ხეჩიკაშვილი წარუდგინა.
,,ჩვენს მხარდამჭერებს გვინდა ვუთხრათ, რისი შეცვლა გვინდა „თავისუფალ დემოკრატებს“, რატომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას; რატომ გვინდა, რომ ბოლო წლებში პოლიტიკოსების მიმართ დამკვიდრებული ეს ნიჰილიზმი და უნდობლობა, რასაც ძალიან ბევრი სამართლიანი მიზეზი აქვს, დავამსხვრიოთ. ბევრჯერ მოვტყუვდით 20 წლის განმავლობაში, ბევრჯერ მოვისმინეთ შეუსრულებელი დაპირებები, მაგრამ „თავისუფალ დემოკრატებს“ გვყავს ის გუნდი, რომელიც პირველ რიგში, გამოცდილია და საქმე უკეთებია“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერმა ვაზისუბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თენგიზ ხეჩიკაშვილის შესახებ ისაუბრა, მის როლზე პარტიაში, ასევე რისი გაკეთება შეუძლია მას მე-8 ლეგიონისა და ვაზისუბნისთვის. ალასანიამ ისაუბრა კანდიდატის, როგორც ბიზნესმენის დიდ გამოცდილებაზე, მის ეკონომიკურ ხედვებზე და მცირე ბიზნესის განვითარების იმ მნიშვნელობაზე, რომელიც დღეს გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხით.
,,მიხარია, რომ დღეს ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა, კიდევ უფრო მეტნი ვართ და, რაც მთავარია, გვყავს ღირსეული დეპუტატობის კანდიდატები. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმუშაო იმ გუნდთნ ერთად, რომელიც ჩამოაყალიბა ამ უბანში თენგიზ ხიჩიკაშვილმა, ჩემმა მეგობარმა, რომელთან ერთადაც მე ვაპირებ გამარჯვებისთვის ვიბრძოლო როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე ამ უბანში. გაცნობისთანავე თენგიზთან დავმეგობრდი, ამის საშუალებას თვითონ გაძლევს, რადგან არის მართალი და ვაჟკაცი ადამიანია. მას აქვს ბიზნეს გამოცდილება, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის, როგორც მთელი ქვეყნისთვის, ასევე კონკრეტულად თბილისითვის და ამ უბნისთვის. ჩვენ ეს ერთად უნდა შევძლოთ, რადგან მცირე ბიზნესის განვითარების გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა. შეხვედრაზე ცალკე საუბრის თემა გახლდათ ,,თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკა განათლების რეფორმის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები განათლებასთან დაკავშირებით. განათლების სიტემაში თვისობრივი გარდატეხა რომ არ მოხდეს, ჩვენი ბავშვები, ჩვენი მომავალი თაობა აღარ იქნება კონკურენტული. ამიტომ ჩვენი ამოცანაა განათლებაში დიდი ფული ჩავდოთ. განათლებას მივცეთ პრიორიტეტი და ამიტომაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარლამენტში გვყავდეს ისეთი ადამიანები, ვისაც ეს სტკივა, ესმის და ამ კუთხით შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და, რაც მთავარია, არ დაკარგავს ანგარიშვალდებულების განცდას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მოსახლეობას სიტყვით მიმართა ვაზისუბნის და მერვე ლეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თენგიზ ხეჩიკაშვილმა.