რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო წვრთნებს აღვიქვამთ, როგორც საფრთხის შემცველს და დესტაბილიზაციის ფაქტორს რეგიონში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო აკვირდება ყველა მიმდინარე წვრთნას, რომელიც რეგიონში რუსეთის მიერ ხორციელდება. ”დღეს ჩვენ ვნახეთ დაუგეგმავი წვრთნებიც. ჩვენ რა თქმა უნდა ამას აღვიქვამთ, როგორც საფრთხის შემცველს და დესტაბილიზაციის ფაქტორს რეგიონში და რა თქმა უნდა ვმუშაობთ ჩვენი პარტნიორების ინფორმირებისთვის მათთან ერთად, რათა ყველა შესაძლო სცენარი დამუშავდეს და საერთაშორისო საზოგადოება საფრთხის შესახებ ინფორმირებული იყოს”, - განაცხადა ჯანელიძემ.
რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულმა ერთეულმა, სამხრეთის სამხედრო ოლქმა მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის 11 000-ზე მეტი სამხედრო 18 პოლიგონზე დაწყებულ სწავლებებში მონაწილეობს. სამხედრო მანევრები მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, ასევე სომხეთში და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზებზე.