ჩვენ ვართ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არავის მივეყიდეთ და ბოლო კვლევებში სწორედ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის „დავისაჯეთ“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აჭარაში, სატელევიზიო პოლიტიკურ თოქ-შოუში - „პირისპირ“ განაცხადა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით, „რუსთავი2“-ის მიერ გაკეთებული GFK-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა “ნაციონალური მოძრაობის” შეკვეთით არის გაკეთებილი, რომელიც გათვლილია საზოგადოების წინასწარ შეგუებასა და აზრის ფორმირებაზე.
„ეს კვლევა არის გამიზნული იმისთვის, რომ იმ 40-45 პროცენტს ანუ საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელიც სხვა ალტერნატივის მოლოდინშია და ჯერ არ ჩამოყალიბებულა, არ ჰქონდეს არჩევნებზე წასვლის მოტივაცია. სწორედ საზოგადოების დიდ ნაწილს არ უნდა „ქართული ოცნების“ სტაგნაციაში ყოფნა და აღარ უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ძალადობაში დაბრუნება და სწორედ იმიტომ გააკეთეს ეს კვლევა, რომ სხვა ალტერნატივა აღარ არსებობდეს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, კვლევის ხასიათიდან გამომდინარე, ეს სააკაშვილის კვლევაა, რომელსაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. „ჩვენ თავს არ მოვიტყუებთ, ყოველ დღე ვხვდებით ადამიანებს და ზუსტად ვიცით, როგორია მათი განწყობა. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არავის მივეყიდეთ, ჩვენ ვართ რეალურად დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც არავის ინტერსებზე არ არის მიბმული. ამ კვლევებში სწორედ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის „დავისაჯეთ“. ნიშნავს თუ არა რეიტინგებში სხვა პოლიტიკური გუნდის დაწინაურება სააკაშვილის მხარდაჭერას, ეს საზოგადოებამ გადაწყვიტოს. ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას, ეს გადაწეყვეტილება მთელმა გუნდმა აბსოლუტურად გააზრებულად მივიღეთ. ხელისუფლებაში ყოფნისას საზოგადოებას არაერთი კარგი საქმე დავანახეთ, დარწმუნებულები ვართ წარმატებაში და ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.