დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ მისი გადადგომის საფუძველი არ არსებობს

დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ მისი გადადგომის საფუძველი არ არსებობს

თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ მისი გადადგომის საფუძველი არ არსებობს, - ასე უპასუხა დავით ნარმანიამ ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, რომ საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საკრებულოს წევრების ნაწილი დედაქალაქის მერის გადადგომას ითხოვს.

”გუშინ ჩვენ საინტერესო სამუშაო შეხვედრა გვქონდა, თუმცა ცალკეული ადამიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ მოქმედებებს და შესაბამისად, გამოიწვია ის რეაქცია, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ არ უნდა გამომეთქვა ასეთი ტიპის ფრაზები და შესაბამისად, გამომეჩინა ის თმენის ვალდებულება, რომელიც საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. საკრებულოში ხვალ მივალ და გავაკეთებ ძალიან საინტერესო განცხადებებს, ვუპასუხებ ყველა დასმულ კითხვას”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

დედაქალაქის მერი თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ახალი სასტუმროს ”რუსთაველი ბუტიკ ჰოტელის” გახსნის ცერემონიაზე მივიდა, სადაც მას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სტვენითა და ხმაურით შეხვდნენ და გადადგომისკენ მოუწოდეს.