ხათუნა სამნიძე - ”ქართული ოცნება” ხელს უწყობს როგორც ”პატრიოტთა ალიანსს”, ასევე ბურჭულაძის გაერთიანებას

ხათუნა სამნიძე - ”ქართული ოცნება” ხელს უწყობს როგორც ”პატრიოტთა ალიანსს”, ასევე ბურჭულაძის გაერთიანებას

”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ”ქართული ოცნება” ხელს უწყობს როგორც ”პატრიოტთა ალიანსს”, ასევე პაატა ბურჭულაძის ახალ გაერთიანებას. 

როგორც ხათუნა სამნიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულის საფუძველს მას ასევე უქმნის გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელის თანახმადაც, ცესკომ „ახალ მემარჯვენეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ნომრები წილისყრის გარეშე მიანიჭა. 

ხათუნა სამნიძის განცხადებით, ცესკოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა. ”რესპუბლიკური პარტიას” შესაბამისი სარჩელი აქვს მომზადებული, რომელსაც სასამართლოში შეიტანს. 

”ცესკოში გუშინ განვითარებული მოვლენები არის ერთ-ერთი დამადასტურებელი, თუ საით მიდის ”ქართული ოცნება”. შეუძლებელია გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ ვისაუბროთ იმაზე, რომ ”ქართული ოცნება” ამ პროცესებში ჩართული არ არის. სამწუხაროდ, ცესკომ დაამსხვრია ის წარმოდგენა, რომ ის არის ობიექტური მოთამაშე. გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით მან გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ არ არის დამოუკიდებელი არც თამარ ჟვანია, არც ცესკო. ”ქართული ოცნება” ხელს უწყობს, სასათბურე პირობებს უქმნის ან უპირატეს მდგომარეობაში აყენებს იმ პარტიებს, რომლებიც არის მისთვის სატელიტი, ან მხარდამჭერი. როგორც იცით, რიგი პარტიებისთვის წილისყრის გარეშე საარჩევნო ნომრის მინიჭების თაობაზე პროექტი მომაზადა ცესკომ, რაც ეწინააღმდეგება „საარჩევნო კოდექსს”, - განაცხადა სამნიძემ. 

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, საგარეჯოს შუალედურ არჩევნებზე ”ქართული ოცნება”, ადგილობრივი პრესსამსახურები, გამგეობა, თანამდებობის პირები ღიად უწყობდნენ ”პარტიოტთა ალიანსის” წარმომადგენელს.

”ჩვენ ამ თემაზე კიდევ ვისაუბრებთ, მაგრამ ეს კონკრეტული ფაქტები კიდევ ერთხელ დღეს გახდა ჩემთვის იმის საფუძველი, რომ სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ”ქართული ოცნება” ხელს უწყობს როგორც ”პატრიოტთა ალიანსს”, ასევე ბურჭულაძის ახალ გაერთიანებას, რომ ისინი სასათბურე პირობებში ამყოფოს და სხვა პარტიებთან შედარებით არათანაბარ პირობებში მიანიჭოს მათ საარჩევნო ნომრები”, - განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ”რესპუბლიკელები” სასამართლოში გაასაჩივრებენ. 
”იქედან გამომდინარე, რისი მოწმენიც გავხდით საგარეჯოს შუალედური არჩევნების დროს და რა გადაწყვეტილება მიიღო ცესკომ, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდო, რომ ”ქართული ოცნება” ხელს უწყობს ”პარტიოტთა ალიანსს”, ის არის სატელიტი ”ქართული ოცნების” და ასევე პაატა ბურჭულაძის გაერთიანებას იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ უპირატესი მდგომარეობა, უკვე ჰქონდეთ საარჩევნო ნომერი”, - განაცხადა სამნიძემ.