საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთს საქართველოს სრული განადგურება ჰქონდა ჩაფიქრებული, რასაც არც მალავდნენ.
აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ოდესაში, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, მაშინდელმა ამერიკის ელჩმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ სერგეი ლავროვმა კონდოლიზა რაისს განუცხადა რუსეთის გეგმების შესახებ - რაც საქართველოს სრულ განადგურებას ნიშნავდა.
"2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, ყველა სამთავრობო და ფინანსური უწყება სრულყოფილად ფუნქციონირებდა. როდესაც რუსეთი შემოვიდა, მეორე დღეს ჩემთან ამერიკის ელჩი მოვიდა და მითხრა: ჩვენ, კონდოლიზა რაისმა ჰკითხა ლავროვს, რა იყო მათი მიზანი საქართველოში შეჭრის დროს. მე ვკითხე, რა უპასუხეს-მეთქი და "საქართველოს სრული განადგურებაო". მათ ქართველი ერის სრული განადგურება სურდათ და ამას არც კი მალავდნენ", - განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მეორე ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველო ომის დროს "გადარჩა", უკრაინის დახმარება იყო.
"უკრაინაში ვამზადებდით ჩვენს სამხედრო სპეციალისტებს. უკრაინამ მოგვცა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც სრულიად კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა შეჭრის პირველ დღეებში, რადგან მათ კრიტიკული უპირატესობა ვერ მოიპოვეს. უკრაინამ გადმოგვცა "ბუკ"-ისა და "ოსა"-ს სისტემები, რომელთა საშუალებით, ჩვენ 12 რუსული ბომბდამშენი, მათ შორის, სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-22 მ-3 ჩამოვაგდეთ, რომელიც მანამდე არავის ჩამოუგდია. თავიდან, ისინი დღისით დაფრინავდნენ, მაგრამ ჩვენ რომ მათი ჩამოგდება დავიწყეთ, ფრენები შეწყვიტეს და დაიწყეს ღამის თავდასხმა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, როდესაც ამბობენ, რომ კონფლიქტის ინიციატორი საქართველო იყო, ბევრს ავიწყდება, რომ რუსული შავი ზღვის ფლოტის ელემენტებმა უკრაინული წყლების დატოვება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე დაიწყეს.
"რუსეთის ფლოტი კონფლიქტის დაწყებამდე დაიძრა. რა, წინასწარ იცოდნენ, რომ თავს დავესხმებოდით?ამ საკითხზე არავის ფიქრობს. აღნიშნა სააკაშვილმა.