„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მოსახლეობას სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მიერ ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარების მიზნით ხელისუფლების უპრეცენდენტოდ მაღალ ყურადღებაზე გაამახვილა ყურადღება.
"ადამიანები გავათავისუფლეთ და დღეს ჩვენ ერთად ვდგავართ. დღეს აღარ არის ნაპრალი მთავრობასა და ხალხს შორის. ეს არის უდიდესი მონაპოვარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რამხელა განსხავავებაა დღევანდელ საარჩევნო კამპანიასა და ოთხი წლის წინ მიმდინარე საარჩევნო კამპანიას შორის. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენ არ ვართ მიღწეულით თვითკმაყოფილნი. ჩვენ ვიცით რამხელა გაჭირვებაა რეგიონებში, ვიცით რამხელა განსხვავებაა ცხოვრების დონეებს შორის, დედაქალაქსა და რეგიონებს შორის.
მეგობრებო, ჩვენი მთავარი მიზანი დღეს არის მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სერიოზული, სწრაფი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ თითოეული თქვენთაგანის ოჯახმა იგრძნოს საქართველოში შექმნილი კეთილდღეობა. ჩვენ მდიდარი ქვეყანა ვართ, მდიდარი ვართ იმითაც, რომ მრავალეროვანი ქვეყანა ვართ, მდიდარი ვართ იმითაც, რომ საუკუნოვანი ტრადიცია და კულტურა შევქმენით სხვადასხვა კულტურის, სხვადასხვა ეროვნების ხალხებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების. ჩვენ ვართ დიდი ისტორიის ქვეყანა და ჩვენ ჩვენი მომავლით უნდა დავამტკიცოთ, უნდა გავამართლოთ ჩვენი წინაპრების დანატოვარი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.