საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რაჭაში, ნიკორწმინდის ტაძრის 1000 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.
პრემიერმა რაჭის მოსახლეობას გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ ეს მისი მიზეზით არ მომხდარა.
"მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ამ უდიდესი ტაძრის, მართლაც ყველა ჩვენგანის სიმაყის, ნიკორწმინდის 1000 წლის თავი. ეს საქართველოში მართლაც ძლიერების სიმბოლოა, გამორჩეული არქიტექტურით, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში. მინდა რაჭას და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღესასწაული და ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და უკეთესი ხვალინდელი დღე.
ასევე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ბოდიში მოვუხადო რაჭის მოსახლეობას იმიტომ, რომ გზა იყო გადაკეტილი, აბსოლუტურად არა ჩემი მიზეზის გამო, მაგრამ რატომღაც ვიღაცებს უთხრეს, რომ პრემიერის გამოა გადაკეტილიო. ვისაც შეექმნა უხერხულობა, ყველას ბოდიშს ვუხდი ამის გამო. არასდროს მე ასეთი ბრძანება არ გამიცია",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.