პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.
მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლების - მაია კოპალეიშვილის, ქეთევან ერემაძისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის საპასუხოდ აცხადებს, რომ თუკი, პარლამენტის წევრი, გარკვეულ შენიშვნებს, მოსაზრებებს გამოთქვამს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესთან დაკავშირებით, ეს მათი მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლად არ უნდა შეფასდეს.
ვიცე-სპიკერის აზრით, მოსამართლეებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარეა.
"სწორედ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ასაჩივრებენ მოსამართლეები. ამ შემთხვევაში, როდესაც განცხადებას ვაკეთებთ, ეს პოლიტიკური ზეწოლა კი არ არის, არამედ ის უნდა განიხილონ იმ სამართლებრივ პოზიციად, პრეტენზიად, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ფიქსირდება სასამართლოს მხრიდან. აქ არის საუბარი იმაზე, რომ არარეგისტრირებულ საქმეებს აწვდიან მოსამართლეებს, რაც პროცესის სრული დარღვევაა. ის, რაც კანცელარიაში არ არის კანონის წესით დადგენილი, როგორ შეიძლება მასზე განხილვა მოსამართლემ დაიწყოს. ამაზე, რა თქმა უნდა, ძალიან სამართლიანი პრეტენზია გვაქვს.
როდესაც საუბარია იმაზე, რომ თურმე, ძალიან ახლო კავშირები ფიქსირდება გვარამიასა და კოპალეიშვილს შორის, რაც სამწუხაროდ, არ იქცა ქალბატონი კოპალეიშვილისთვის სათანადო გარემოებად თვითაცილებისთვის, ეს პირდაპირ მიუთითებს მის მიკერძოებულობას, საქმისადმი დაინტერესებას, რაც დაუშვებელია. თუ ჩვენ ამაზე სამართლიან პრეტენზიას გამოვთქვამთ, ეს არ არის პოლიტიკური ზეწოლა. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვაფიქსირებთ და რომლის შეფასებაც, საზოგადოებამ უნდა მოახდინოს",- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქმეთა განაწილების წესი არავითარ კანონზომიერებას არ ექვემდებარება და როდესაც მხოლოდ ერთ კოლეგიას ეწერება გახმაურებული საქმე, არასწორია.
"როდესაც უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში იხილება მაგალითად, "რუსთავი 2"-ის საქმე, მაშინ როცა თვეობით და წლობით არის თაროზე შემოდებული არაერთი ჩვენი მოქალაქის სარჩელი. ეს ის თემებია, რომლებიც კითხვის ნიშნებს ბადებს და ბუნებრივია, როდესაც პარლამენტი ამ ყველაფერს ხედავს, ასეთი ტიპის კითხვები ჩნდება. თუ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა. ისინი ბრაზობენ, რატომ ვსაუბრობთ პრობლემებზე და რატომ გამოვთქვამთ პრეტენზიებს, ეს არ არის სწორი რეაქცია. ალბათ, ახლა კოპალეიშვილმა უნდა გასცეს პასუხი, მისი გადაწყვეტილებები რამდენად შეიძლება მიუკერძოებლად ჩაითვალოს",- აღნიშნა კობახიძემ.
ვიცე სპიკერის შეფასებით, მოსამართლეების მიერ გავრცელებული განცხადება თავის მართლებაა და კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს.
"განცხადებაში თავის მართლების მეტი არაფერი ისმის. ამ განცხადებაში რაც ამოვიკითხეთ, ნამდვილად არ შეესაბამება საპროცედურო მოთხოვნებს, რაც არის საკონსტიტუციო სამართალწარმოების კანონიდან გამომდინარე. სარჩელის დაზუსტება, თუ რაიმე სხვა სამართლებრივი პროცედურები, უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც სარჩელი არის რეგისტრირებული და სამართლებრივად დაფიქსირებული.
ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ მოსამართლეებს ორი დოკუმენტი მიეწოდათ - ერთი არარეგისტრირებული და შემდეგ უკვე, ე.წ. თითქოს და დაზუსტებული, რომელიც რეგისტრაციაში გაატარეს. ეს არის დაუშვებელი ამბავი. პრაქტიკულად, სასამართლო, როგორც ჩანს, წინასწარ შევიდა სარჩელის შინაარსობრივ განხილვაში. ჩნდება ეჭვი, რომ მას შემდეგ, რაც პირველი სარჩელი წარადგინეს გარკვეული კომუნიკაცია შედგა სასამართლოსა და მოსამართლეს შორის იმ მიზნით, რომ სარჩელი ყოფილიყო უფრო სრულყოფილი, რათა მათთვის სასურველი იურიდიული შედეგი დამდგარიყო. ასეთი რამ არ ხდება.
ამ განცხადებიდან სულ სხვა რამ ირკვევა, რაც წარმოუდგენელია და მგონია, რომ რაღაც დარღვევასთან გვაქვს საქმე. თურმე, არარეგისტრირებული სარჩელის გადაგზავნა, ნორმალური პროცესი ყოფილა. უფრო მეტი კითხვის ნიშანი დაბადა ამ განცხადებამ. ეს თავის მართლება მათი მხრიდან აშკარას ხდის, რომ სასამართლოს მხრიდან გარკვეული დაინტერესება არსებობდა",- განაცხადა კობახიძემ.