ნიკორწმინდის ეპარქიაში, ქალაქ ამბროლაურში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი საზეიმოდ იკურთახა. სადღესასწაულო ღვთისმსახურება ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა, სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად აღავლინა.
საღვთო ლიტურგიის შემდეგ ტაძარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ესტუმრა, რომელმაც პარაკლისი აღავლინა და ტაძრის აღმშენებელს გოჩა ენუქიძეს გაწეული ღვაწლისთვის სამადლობელი სიგელი გადასცა.
ტაძრის მშენებლობის ინიციატორი და ქტიტორი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძეა. ტაძრის და სამრეკლოს მშენებლობა ჯერ კიდევ 10 წლის წინ, 2006 წლის აგვისტოში, ქალაქ ამბროლაურის ცენტრში, მაჩაბლების ისტორიულ კოშკთან დაიწყო.
როგორც ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატის პრესსამსახურში აცხადებენ, ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი შემკულია ულამაზესი ჩუქურთმებით, რომელიც ორიგინალობით გამოირჩევა და არ მეორდება. ტაძრის არქიტექტორი მამუკა კიკნაძეა.
დღესვე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში რაჭაში მოღვაწე სასულიერო პირებისადმი მიძღვნილი ისტორიული ფოტოების გამოფენა და ნიკორწმინდის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.