მზად ვარ, კვირიკაშვილთან თანამშრომლობისთვისაც და მზად ვარ, კვირიკაშვილთან პირდაპირ ეთერში დებატებისთვისაც, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
შეკითხვაზე, რამდენად უპრიანია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის პოლიტიკური დებატები, უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ჩვენ ეს წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ვერ ვაცნობიერებთ, რა არის კონკურენცია, რა არის პოლიტიკური ცხოვრება და რა არის მრავალპარტიულობა.
“გერმანიის კანცლერია მერკელი და საგარეო საქმეთა მინისტრი შტაიმაიერი. ერთი ”სოციალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერია, მეორე - ”ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის”. ეს პარტიები ყოველთვის, ყველა არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობენ. როგორ გგონიათ, იქ როგორ ხდება ეს ამბავი ანუ მინისტრი შტაიმაიერი და კანცლერი მერკელი მომავლის თაობაზე პოლიტიკურ დებატებში არ შედიან?! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. თუ ჩვენ ეს წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ვაცნობიერებთ, რა არის კონკურენცია, რა არის პოლიტიკური ცხოვრება და რა არის მრავალპარტიულობა. მრავალპარტიულობა იმას არ ნიშნავს, რომ სხვადასხვა დროშები გვეჭიროს და აქეთ-იქეთ დავრბოდეთ. მრავალპარტიულობა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მრავალი პარტიით უნდა შეგვეძლოს თანამშრომლობაც და კონკურენციაც ანუ სახელმწიფოს მართვა და სახელმწიფოს ფუნქციონირება. ამ დღეებში მე და გიორგი კვირკაშვილმა საჯაროდ ერთმანეთს ვუკბინეთ და ვუბრწკინეთ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა რაიმე საქმე რომ გაჩნდეს, ამის გამო მე გიორგის ან არ დაველაპარაკები, ან რამეს ხელს არ მოვაწერ, ან ერთად არ გამოვჩნდებით და ასე შემდეგ. ჩვენ ჩვენი თანამდებობების დეპერსონალიზაცია უნდა მოვახერხოთ. პარლამენტის თავმჯდომარეს ევალება რაღაცეები, რასაც არ უნდა ვგრძნობდე და რასაც არ უნდა განვიცდიდე. მკითხეთ, რა აზრები და განწყობები მეუფლებოდა ხანდახან ხოლმე, როცა რომელიმე პარლამენტის წევრზე შევაჩერებდი მზერას, მაგრამ ამის გამო, თუკი იმ პარლამენტის წევრის რიგია, მიკროფონი არ ჩავურთო?! არ გავუშვა მივლინებაში ან სხვანაირად მოვეპყრა, კანონის მიღებაში მისი ხმა არ ჩავთვალო და ამ სისულელებით დავკავდე?! რა თქმა უნდა არა! პარლამენტში სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლები გამოდიან და ხშირად ერთმანეთს აკრიტიკენებ, მაგრამ მერე ხომ ერთად იღებენ გადაწყვეტილებას?! მე მოხარული ვარ, რომ ”ოცნების” სათავეში ახლა გიორგი კვირიკაშვილისნაირი ოპონენტი მყავს: - ორივე კახელები ვართ, ორივე ქიზიყელები ვართ, ხანდახან ორივე ჯიუტებიც ვართ, ფიცხებიც ვართ და ემოციურებიც, მაგრამ ორივეს ძალიან კარგად გვაქვს გათვიცნობიერებული, რომ ჩვენ ჩვენი პერსონალური თუ პოლიტიკური ვნებები და განწყობები ერთის მხრივ, კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში უნდა მოვაქციოთ და მეორე, პოლიტიკური კონკურენციის და პოლიტიკური ცხოვრების წესებში. ჩვენ ეს უნდა დავამკვიდროთ. მე მზად ვარ ამისთვის! მზად ვარ, კვირიკაშვილთან თანამშრომლობისთვისაც და მზად ვარ, კვირიკაშვილთან პირდაპირ ეთერში დებატებისთვისაც. ეს ჩვენს ქვეყანას მხოლოდ წაადგება“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
დავით უსუფაშვილთან ინტერვიუს სრულ ვერსიას „ინტერპრესნიუსი“ ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.