დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიას „Startup საქართველოს“ განაცხადების შესახებ ბოლო ინფორმაცია გააცნო

დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიას „Startup საქართველოს“ განაცხადების შესახებ ბოლო ინფორმაცია გააცნო

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებს „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ („Startup საქართველოს“) ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. ამ ეტაპზე, 726 განაცხადია წარდგენილი, მათ შორის ინოვაციების ნაწილში 580 განაცხადი,  ხოლო   მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში   - 146 პროექტი. თითქმის ორი თვის მანძილზე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო ახალი ინოვაციური ბიზნეს-იდეების მოფიქრება და შესაბამისი განაცხადის შემოტანა.

პრესკონფერენციას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ავთანდილ კასრაძე და შპს „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორი ვაჟა მენაბდე.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ყველა რეგიონი პროგრამაში აქტიურად ყოფილიყო ჩართული და ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს ბიზნესის დაწყების საშუალება მისცემოდათ. „ჩვენ „სტარტაპ საქართველო“ დავიწყეთ იმისათვის, რომ საქართველო შეიცვალოს უკეთესობისკენ, გააჩინოს ახალი შესაძლებლობები და სამეწარმეო სულისკვეთება განავითაროს,“ - განაცხადა მან.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შემოტანილი პროექტები ძირითადად შემდეგი მიმართულებებიდანაა: საფინანსო ტექნოლოგიები; განახლებადი ენერგეტიკა; ბიო ტექნოლოგიები; ნანოტექნოლოგიები; ხელოვნური ინტელექტი; საინფორმაციო ტექნოლოგიები; მობილური აპლიკაციები; ელექტრონული სწავლება და სხვა. რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მეტი განაცხადი თბილისიდან შემოვიდა - 262-მა ადამიანმა ისარგებლა აღნიშნული შესაძლებლობით. ასევე გამოირჩევა შემდეგი რეგიონები: იმერეთი (48 განაცხადი),  კახეთი (44 განაცხადი), აჭარა (37 განაცხადი), მცხეთა-მთიანეთი (33 განაცხადი) და სხვ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რმ „სტარტაპ საქართველოს“ შესაძლებლობებით 56-მა ჩვენმა მოქალაქემ ისარგებლა, რომლებიც ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ.

განაცხადების გადარჩევა უკვე დაწყებულია. მაღალტექნოლოგიურ ბიზნეს პროექტებს ორი კვირის განმავლობაში განიხილავენ „სილიკონ ველის“ ექსპერტები, რომლებიც საქართველოში 22 აგვისტოს ჩამოვლენ. საუკეთესო სტარტაპებს საშუალება მიეცემათ პირისპირ წარსდგნენ ექსპერტების წინაშე და გააცნონ თავიანთი მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეა.

ყველა განაცხადზე გადაწყვეტილებას  მიიღებს კომიტეტი, რომელიც  შედგება 9 წევრისგან, მათ შორის იქნებიან საპარტნიორო ფონდის, სტარტაპ საქართველოს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმოადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

მიღებული განაცხადების განხილვა ინოვაციების ნაწილში აგვისტოს ბოლომდე დასრულდება, შესაბამისად სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება გამარჯვებული პროექტების სია. პროექტში გამარჯვებული კონკურსის წესით შეირჩევა. რაც შეეხება დაფინანსების ეტაპს, კონტრაქტების გაფორმება და თანხების გადარიცხვა სექტემბერში დაიწყება.

„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“  მიზანია ხელი შეუწყოს დამწყებ მეწარმეებს. პროგრამის მონაწილეებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები ბიზნესის დაწყების, ან განვითარებისათვის, ეძლევათ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

პირველი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც   ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.