ბარაკ ობამა სირიის კონფლიქტის დარეგულირებაში პუტინს არ ენდობა

ბარაკ ობამა სირიის კონფლიქტის დარეგულირებაში პუტინს არ ენდობა

ბარაკ ობამა სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ვლადიმერ პუტინს არ ენდობა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონი მოსკოვთან კვლავინდებურად თანამშრომლობს, თუმცა ჩნდება ეჭვი,  სურს თუ არა რუსეთს, სირიის კონფლიქტის დეესსკალაციაში წვლილი შეიტანოს.

თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში პირდაპირ მონაწილეობს და მხარს უჭერს ბაშარ ასადის ძალებს, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმიან და ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ხელს უშლიან.

ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, სამოქალაქო პირების უსაფრთხოების დაცვისა და პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, რუსეთთან ურთიერთანამშრომლობის გაგრძელება ღირს. თუმცა, თუ მოსკოვი მომავალშიც ასევე გააგრძელებს, ის “მსოფლიო სცენაზე უპასუხისმგებლო მსახიობს” დაემსგავსება, რომელიც სისხლიან რეჟიმს უჭერს მხარს.