სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე, თავდაცვის უწყებიდან სამხედრო ინფორმაციის შესაძლო გაცემის საქმესთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში კონკრეტული პირების მხრიდან იყო გადაცდომები და ტრისტან წითელაშვილი სამხედრო ბაზაზე მასთან შეუთანხმებლად შევიდა, თუმცა ჯანელიძის თქმით, ეს არ იყო საიდუმლო ობიექტი.
"ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წითელაშვილი, არც ერთ საიდუმლო ბაზაზე არ ყოფილა. ჩემი მისამართით იყო ბრალდება, რომ თითქოს, ვინმე დაუსჯელი დარჩა. ეს ასე არ ყოფილა, ჩემი მინისტრობის პერიოდში ვინც რაიმე დანაშაული ჩაიდინა, ყველამ შესაბამისი პასუხი აგო. საქმე დანაშაულზე არ ყოფილა, ის სარეჟიმო წესების დარღვევას ეხებოდა.
პროკურატურას საქმე იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ სახეზე სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ შემთხვევაში, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან არ გვქონია",- აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
"რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოსტ სკრიპტუმში" გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა გიგი კალანდაძემ განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.
კალანდაძის თქმით, ტრისტან წითელაშვილი, საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო.