ტრისტან წითელაშვილი არც ერთ საიდუმლო ბაზაზე არ ყოფილა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვის სამინისტროდან საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
ჯანელიძის თქმით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები აბსურდულია.
”ეს ჰგავს უფრო პოლიტიკურ სპეკულაციას, ვიდრე საქმეზე ლაპარაკს, ამიტომ ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რთულია, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წითელაშვილი არ ყოფილა არც ერთ საიდუმლო ბაზაზე. რაც შეეხება ჩემს მიმართ მეორე ბრალდებას, რომ თითქოს ვინმე დაუსჯელი დარჩა. ეს ასე არ იყო, ჩემი მინისტრობის პერიოდში ვინც რაიმე დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისად არის დასჯილი. საქმე ეხებოდა არა დანაშაულს, არამედ გადაცდომას და ამ გადაცდომაზე აგო პასუხი იმ პირმა, ვინც ის ჩაიდინა”, - განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე განმარტებით, საქმე ეხება სარეჟიმო წესის დარღვევას.
”პროკურატურას საქმე გადაეცემა მაშინ, როცა საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა მხოლოდ სარეჟიმო წესის დარღვევას, რაზეც შესაბამისად გენინსპექციამ მოახდინა რეაგირება”, - აღნიშნა ჯანელიძემ.
როგორც გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა გიგი კალანდაძემ “რუსთავი2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობის დროს, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე შეიყვანა. ამ უკანასკნელმა საიდუმლო სამხედრო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო, სადაც საიდუმლო ობიექტები ფირზე გადაიღო.
გიგი კალანდაძის მტკიცებით, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.