შეიძლება სასამართლომ დაუშვა შეცდომა, მაგრამ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს სერიოზულად დავარტყით

შეიძლება სასამართლომ დაუშვა შეცდომა, მაგრამ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს სერიოზულად დავარტყით

გამოკვლევა შესაძლებელია როგორც იმის, ხდება თუ არა ზეწოლა, ასევე იმის, ასრულებენ თუ არა კონკრეტული მოსამართლეები რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთას, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების შეფასებისას კონსტიტუციონალისტმა ზაზა რუხაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ის შეფასებები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ კეთდება, არ არის სწორი და საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუციას დაცვა სჭირდება.

”თუ კონკრეტული მოსამართლეები ცდილობენ რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთის შესრულებას, ეს მტკიცების საქმეა. შესაძლოა ამის გამოკვლევა, ისევე როგორც იმის, თუ ვინმე ზეწოლას ახორციელებს. ორივე შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გატარდეს. თითოეული კონკრეტული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის უზრუნველსაყოფად ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საკონსტიტუციო სასამართლო თავის სტატუსში, ღირსებაში. თავისთავად ცხადია, რომ არც საკონსტიტუციო სასამართლოზე შეიძლება ზეწოლა, ისევე როგორც არც საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება ასრულებდეს რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთას. ერთი ამბობს, რომ ხდება ზეწოლა, პროკურატურა ამბობს, რომ არ გამოირკვა ასეთი რამ. ეს ან პროკურატურის არაეფექტური მუშაობის თემაა ან საკონსტიტუციო სასამართლოში მართლა ვინმე სცოდავს. ორივე შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ამიტომ ვამბობ, რომ კომენტარი და შეფასება არა ვინმეს ცდომილებაზე, არამედ ინსტიტუციაზე უნდა იყოს მორგებული”, - განაცხადა რუხაძემ.

კონსტიტუციონალისტის განმარტებით, თუ მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება, ცუდია, თუმცა ეს უნდა დამტკიცდეს.

”თუ შედეგი საჯარო გახდება, ამაში მასმედიამ განსაკუთრებული როლი უნდა ითამაშოს. მთელ ამ კონსტიტუციური პრაქტიკის შექმნაში მედია კარგ როლს თამაშობს, რადგან ყველაფერი გამოაქვს, რაც უნდა იყოს გამოტანილი ასპარეზზე, თუმცა, არ არის სწორი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს პროცედურული საკითხები მედიაში განხილვის საკითხი ხდება, რადგან ამ ინსტიტუციას აქვს ისეთი პროფესიული ეთიკა, რომლის მიხედვითაც, ის პროცედურულ საკითხებს შიგნით უნდა აგვარებდეს და მისი ავტორიტეტი ამის მიხედვით იზომება. ის არ არის საერთო იურისდიქციის სასამართლო. ის არის სასამართლო, რომელიც პოლიტიკის ზღვარზე გადის. აქედან გამომდინარე, ინტერპრეტაციები და შეფასებები ნებისმიერ იმ საკითხზე, რომელიც გარეთ უნდა გამოვიდეს, ერთგვაროვანი არ იქნება.

ქვეყანაში რეალურად შეიქმნა კონსტიტუციური პრაქტიკა. ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრციდან მოყოლებული მიჩვეული ვიყავით ძალიან სერიოზულ სიმშვიდეს. ეს სიმშვიდე ზოგჯერ კარგია, მაგრამ ზოგჯერ არ არის ადეკვატური, რადგან კონსტიტუციონალიზმი, კონსტიტუცია ცოცხალი ყოფაა. საბჭოთა პერიოდშიც და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კონსტიტუცია მხოლოდ თეორია იყო. ხელისუფლების ყველა შტო ცხოვრობდა ერთმანეთთან შეხმატკბილებულად და ბედნიერად. ახლა ეს ასე არ არის და ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ქვეყანაში შეიქმნა რეალური კონსტიტუციური პრაქტიკა, რაც კარგია. რაც შეეხება იმას, თუ სად ხდება ხელისუფლების რომელიმე განშტოების გადამეტება რომელიმე ხელისუფლების მიმართ, ეს სულაც არ არის კარგი, მაგრამ ამის დაშვებები ჩვეულებრივი მომენტია. კარგია, რომ ასე არ იყოს, მაგრამ ხელისუფლების მიდრეკილება არის, რომ გადმოქაჩოს მეტი ძალაუფლება მისკენ. ეს არ არის მხოლოდ ქართული მაგალითი და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გადაქაჩვის მცდელობა მსოფლიო პრობლემაა.

ერთხელ ჩვენმა საზოგადოებამ დაუშვა მწარე შეცდომა, როდესაც ვერ დაიცვა ზღვარი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ თუნდაც არასწორ გადაწყვეტილებასა და სასამართლოსადმი ამ გადაწყვეტილების გამო საზოგადოებრივ დამოკიდებულებას შორის. მე მხედველობაში მაქვს გადაწყვეტილება, რომელსაც მოჰყვა რეაქცია, როცა ფიტულები დაიწვა, კუბოები გამოიტანეს და ა.შ. შეიძლება სასამართლომ დაუშვა შეცდომა, მაგრამ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს სერიოზულად დავარტყით. მთელი ამ ხნის განმავლობაში მოსამართლეებს გამოჰქონდათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და ერთ მშვენიერ დღეს საკონსტიტუციო სასამართლო აღმოჩნდა უკიდურეს ნაწილში. ასევე, ბათუმი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილი. ეს გამოხატავს ამ ინსტიტუციის მიმართ დამოკიდებულებას. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ეს სიმბოლურია, ასე არ არის”, - აღნიშნა რუხაძემ.

კონსტიტუციონალისტის მტკიცებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა თანდათანობით აღდგა და გაუმჯობესდა.

”ვფიქრობ, რომ ზომიერება მართებს ექსპერტებსაც, ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს მარტივი მიზეზის გამო. არც ჩვენი პარტიული, არც ჩვენი თანამდებობრივი ღირებულება არ არის იმის ფასი, რომ შევინარჩუნოთ ეს სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, რომელმაც უნდა შექმნას და დაიცვას ეს კონსტიტუციური პრაქტიკა”, - აღნიშნა რუხაძემ.