მთავარი პროკურორი პირად პასუხისმგებლობას იღებს, რომ მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართოს, - ამის შესახებ მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა.
„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა. ჩვენ ღიად ვილაპარაკეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გამოძიებას. ასევე იმას, თუ რასთან არის დაკავშირებული ჩვენი ეჭვი და კითხვის ნიშნები გამოძიების ობიექტურობასთან მიმართებაში. მისგან იყო საკმაოდ კონსტრუქციული მიდგომა, რომ ის პირადად იღებს პასუხისმგებლობას გამოძიება ობიექტურად წარიმართოს. მეორე მხრივ, მოსამართლეებმა, რომლებმაც ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას, მათი ოჯახის წევრების ან ახლობლების მიმართ შურისძიების მხრივ საშიშროება არ იქნება. ჩვენ შევთანხმდით, რომ პიდად გვექნება კონტაქტი. ასევე დავაყენე პრეტენზიები, რაც ჩვენ გვქონდა იმასთან მიმართებაში, რომ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, როდესაც იყო ზეწოლის ფაქტებზე საუბარი, მივმართეთ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს და ასევე აჭარის პროკურატურას, თუმცა არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით ირაკლი შოთაძემ თქვა, რომ გაერკვევა, რადგან მაშინ არ იყო მთავარი პროკურორი. როგორც მან აღნიშნა, მისი მიდგომა არის თანამშრომლობისკენ მიმართული და გავაგრძელებთ თნამშრომლობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.