საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც ვარძელაშვილმა ჟურნალისტებს პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა, გამოძიებას მიაწვდის მის ხელს არსებულ ყველა ინფორმაციას, მათ შორის კონკრეტულ სახელებსა და გვარებს. ამ დროისთვის ვარძელაშვილი კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

რაც შეეხება საკითხს, ენდობა თუ არა გამოძიებას, როგორც ვარძელაშვილმა აღნიშნა, ენდობა იმ პროფესიონალებს, რომლებიც პროკურატურაში მუშაობენ და თუ იქნება პოლიტიკური ნება ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

„ის გარემოება, რომ მოსამართლეებს უხდება მთავარ პროკურატურაში სიარული და ზეწოლაზე საუბარი, მიანიშნებს, რომ სიტუაცია არაჯანსაღია. მე მზად ვარ პროკურატურას მივაწოდო ის ინფორმაცია, რომელიც გამაჩნია და მათ შორის ვისაუბრო კონკრეტულ სახელებზე“, - განაცხადა ვარძელაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, უშუალოდ მასზე განხორციელდა თუ არა ზეწოლა, მისი თქმით, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხისგან თავს შეიკავებს.

„თუმცა არ მინდა ეს იყოს აღქმული ისე, როგორც არაპირდაპირი მინიშნება, რომ ზეწოლა ჩემზე ხორციელდება. თუ თითოეული მოსამართლე, რომელსაც თქვენ ესაუბრებით ამ კითხვაზე გაგცემთ პირდაპირ პასუხს, გამორიცხვის მეთოდით ადვილად შესაძლებელია გაირკვეს იმ მოსამართლის სახელი და გვარი, რომელზეც ხორციელდება ზეწოლა. სანამ ეს მოსამართლე თავად არ თვლის საჭიროდ, რომ ისაუბროს საჯაროდ ამ საკითხებზე, სანამ მიმდინარეობს გამოძიება, თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან. რაც შემეხება მე,დაგიდასტურებთ, რომ დღეს არ არსებობს რაიმე გარემოება, რომელიც მე დამაბრკოლებდა ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით მიმეღო გადაწყვეტილება. თუ ასეთ გარემოებას ექნება ადგილი, თქვენ იქნებით ერთ-ერთი პირველი, ვინც ამის შესახებ შეიტყობთ“, - განაცხადა ვარძელაშვილმა.

მისივე თქმით, მისთვის ცნობილია დეტალები და მიაწვდის პროკურატურას. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია აქვს როგორც მოსამართლეებისგან, ასევე თავად იმ კონკრეტული მოსამართლისგან, რომელზეც ზეწოლა განხორციელდა.