ემზარ ჯგერენაია:  წლის ბოლომდე, ლარი კიდევ გაუფასურდება

ემზარ ჯგერენაია: წლის ბოლომდე, ლარი კიდევ გაუფასურდება

ეკონომიკურ საკითებში ექსპერტის, ემზარ ჯგერენაიას ვარაუდით, წლის ბოლომდე ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება.

ემზარ ჯგერენაიამ "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  ლარის ხელოვნური გამყარება, რომელიც ცოტა ხნის წინათ მოხდა, არ უნდა მომხდარიყო, რადგან მაშინ მისი ყიდვის პროპორცია დაბალი იყო.

"გავიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც ეროვნული ბანკი ყოველდღე 24 მილიონ დოლარს ყიდულობდა. მაშინ ბანკს უფრო მეტი უნდა ეყიდა და არ უნდა მომხდარიყო ლარის გამყარება, რომელიც მოხდა. ეროვნულ ბანკს უნდა ეყიდა მეტი დოლარი და არ მოხდებოდა ლარის არასწორი გაუფასურება.

ჩვენ გვძლია, ემოციურმა ფონმა, როცა შეიცვალა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა და შეიცვალა ლარის კურსი, მოქალაქეებს გაუჩნდათ ცრუ მოლოდინი, რომ ლარი გამყარდებოდა და ამაზე ააწყვეს თავისი ბიუჯეტი, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ლარი ისევ დაეცა", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

მისივე თქმით, ლარის გაუფასურების პროცესი ქვეყნის საგარეო ვალის გასტუმრების პერიოდს დაემთხვა, რაც, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ლარის უფრო მეტად გაუფასურებას გამოიწვევს.

"ვალების გადახდა ქვეყანას 2013 წლიდან დაეკისრა და წინ გვაქვს კერძო კომპანიების მიერ დასაბრუნებელი 2 მილიარდამდე დოლარის გასტუმრება. წლის ბოლომდე მოგვიწევს ამ თანხის უკან დაბრუნება და საზოგადოებას სჭირდება პასუხი კითხვაზე, როცა ჩვენ გადავახურდავებთ 2 მილიარდამდე დოლარს, რა დაემართება ლარს. ეს ყველაზე დიდი კითხვაა და, ვფიქრობ, ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება", – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.