საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ქეთევან ერემაძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც ერემაძემ ჟურნალისტებს გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, გამოძიებას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა.
მისივე თქმით, მან გამოძიებას უთხრა, რომ ზეწოლის შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს იქამდე ჰქონდათ, ვიდრე გიორგი პაპუაშვილი ამის შესახებ განაცხადებდა.
ამასთან, როგორც ერემაძემ აღნიშნა, კონკრეტულად მის მიმართ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.
„იყო შეკითხვა, რომელიც შეეხებოდა იყო თუ არა ზეწოლა ჩემზე და რა ინფორმაციას ვფლობ სხვა მოსამართლეებთან მიმართებაში. პირადად ჩემზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. გამოძიებას ვუთხარი, რომ ბატონი პაპუაშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები პირველად არ გამიგია. ამის თაობაზე სასამართლოში ინფორმაცია არსებობდა და მქონდა მეც. ინფორმაცია რაც მქონდა, მივაწოდე გამოძიებას, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია კონკრეტულ მოსამართლესთან, რომელმაც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რა ფარგლებში გაასაჯაროვებს ამ ინფორმაციას. მე ვერც სახელებს და ვერც გვარებს და ვერც სხვა ფაქტობრივ გარემოებებს ვერ დაგისახელებთ“, - განაცხადა ერემაძემ.
რაც შეეხება კითხვას, ენდობა თუ არა ერემაძე პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნა, გარკვეული სკეპტიციზმი გამოძიების მიმართ მასშიც არის.
„მე ვფიქრობ, რომ ისევე, როგორც ყველა უწყებაში, პროკურატურაშიც არიან ძალიან პროფესიონალი ადამიანები. ნაწილს მათგან პირადად მეც ვიცნობ, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სასამართლო ზეწოლაზე საუბრობს. აქამდე რიგ შემთხვევაში გამოძიება არც დაწყებულა და არის შემთხვევები, როცა გამოძიების შედეგები დღემდე არ ვიცით. აქედან გამომდინარე, გარკვეული სკეპტიციზმი შეიძლება გვქონდეს“, - განაცხადა ერემაძემ.
მისივე თქმით, გასული 10 წლის განმავლობაში, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და ამას მოწმობს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ერემეძეს ვადა ორ თვეში ეწურება.
„რაც შეეხება ჩემს საქმეს, არ ვუსმენ არავის და არ ვუსმენ არაფერს. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებებს, ჩემს გადაწყვეტილებებზე პასუხები არის სწორედ გადაწყვეტილებებში, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ. სულ მცირე ალოგიკურია სახელმწიფოსგან ზეწოლით მიიღო სახელმწიფოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება“, - განაცხადა ერემაძემ.