სერგო რატიანი:   საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო სხვა გადაწყვეტილება მიეღო

სერგო რატიანი: საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო სხვა გადაწყვეტილება მიეღო

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს “საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებულ სარჩელზე სხვა მიმართულებით მიეღო გადაწყვეტილება.

”შეიძლება კონსტიტუციას არ არღვევს, მაგრამ ის, რომ არის უსამართლობა, ცხადია. არაერთი კანონი მიიღო დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომლითაც ირგებს კანონს თავის სასარგებლოდ, ახდენს ოპოზიციური პარტიების დისკირიმინაციას და ქმნის უსამართლო გარემოს, რაც აისახება იმაზე, რომ მომავალი არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დგება”, - განუცხადა სერგო რატიანმა ”ინტერპრესნიუსს”.

კითხვაზე, ელოდა თუ არა სხვა გადაწყვეტილებას სასამართლოსგან, რატიანმა აღნიშნა, რომ შესაძლო იყო სხვა მიმართულებით ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარლამენტის 42 დეპუტატის სარჩელი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

პარლამენტის 42 დეპუტატი სადავოდ ხდიდა მაჟორიტარული ოლქების ახალ საზღვრებს. მათი აზრით, საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა თანაბრად არ არის გადანაწილებული, საზღვრები კი ისეა განსაზღვრული, რომ ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შესაძლებლობას უზღუდავს.

კერძოდ, საჩივრდებოდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, 110-ე მუხლის მეხუთე პუნქტისა და 110-ე პრიმა მუხლის მესამედან ორმოცდამეორე პუნქტების კონსტიტუციურობა. სწორედ ეს ნორმები ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებს და მათი შექმნის წესს. მოსარჩელეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 1 ივნისს მიმართეს.