ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში, სადაც დაბალია ინფლაცია, კურსის ორმხრივი მერყეობა, ფინანსური განვითარების ტემპი, წესით დოლარიზაციის მაჩვენებელი ასეთი დიდი არ უნდა ყოფილიყო.
ამის შესახებ გვენეტაძე გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში (სათაურით- ლარი გაზაფხულზე ზედმეტად გამყარდა) საუბრობს.
ალბათ სჯობდა, დოლარიზაციის მაჩვენებლის მნიშვნელოვან შემცირებაზე ზრუნვა გაცილებით ადრე დაწყებულიყო, რათა ვალუტის გაუფასურებას მოსახლეობისთვის მასშტაბური ზიანი არ მიეყენებინა. ამჯერად რა პოლიტიკა დაიგეგმა ამ მიმართულებით - მიმართა ჟურნალისტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.
"მიზეზი, ალბათ განვლილი პერიოდია. 90-იანი წლების დასაწყისში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე კუპონმა ძალიან სწრაფად დაკარგა მსყიდველობითი უნარი, და საქართველოში ერთადერთი ვალუტამ, რომელსაც გადახდისა და დაგროვებიის ფუნქცია ჰქონდა, იყო დოლარი. ქვეყანას ეს მწარე გამოცდილება დღემდე მოყვება.
ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, არა მარტო ეროვნული ბანკის, არამედ ხელისუფლების მიერაც. თუ დოლარიზაციის მაჩვენებელი იქნება დაბალი, მაშინ კურსის მერყეობა, რასაც ასე მწვავედ განიცდის საზოგადოება, უფრო ნაკლებად შესამჩნევი იქნება.
მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა გახდეს.
დედოლარიზაციის პროცესი მარტივი არ არის, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. არის სხვა მექანიზმი, მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხვევაში, ეს იქნება ავტომობილის გაყიდვა, თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.