უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პოლიტიკური დევნის არსებობა საქმის მასალებიდანაც დასტურდება.
როგორც გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა, ინტერპოლის სამდივნომ გიორგაძეზე ძებნის შეწყვეტის გადაწყვეტილება ამის გამო მიიღო.
”იგორ გიორგაძის მიმართ იყო პოლიტიკური დევნა და ეს დასტურდება საქმის მასალებით, რომელიც არსებობს. შესაბამისად, ინტერპოლმა მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება და სამდივნოს მიერ, იგორ გიორგაძის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა მოიხსნა. შესაბამისად, ამ ადამიანის უდანაშაულობა თუნდაც ამ მიმართულებით დასტურდება”, - განუცხადა ”რუსთავი 2”-ს გაგი მოსიაშვილმა.
საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეზე ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად იგორ გიორაძემ დაადასტურა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ინტერპოლის სამდივნომ მისი საქმის განხილვის შემდეგ მიიღო.
თავის მხრივ საქართველოს მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ყველა საშუალებას მიმართავენ, რათა იგორ გიორგაძის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა აღდგეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, წინა შემთხვევების მსგავსად, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საკითხი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ქართულ მხარესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე.