დავით უსუფაშვილი ფრაქციებს ავალებს, მოსამართლეობის კანდიდატების საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად სექტემბრის პლენარული სხდომისთვის მოამზადონ

დავით უსუფაშვილი ფრაქციებს ავალებს, მოსამართლეობის კანდიდატების საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად სექტემბრის პლენარული სხდომისთვის მოამზადონ

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო ფრაქციებს ავალებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად სექტემბრის დასაწყისში დანიშნულ პლენარულ სხდომებამდე მოამზადოს.

შესაბამისი განცხადება უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ლევან ბოძაშვილის, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურები ოფიციალურად დარეგისტრირდა.

„პრეზიდენტი სარგებლობს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და უზენაეს სასამართლოში სამ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომლებზეც ჩვენ პირველი მცდელობისას არ გავამწესეთ არავინ, გვთავაზობს კანდიდატურებს, აქედან ორი მათგანი, ქალბატონები ნონა თოდუა და თამარ ლალიაშვილი ხელახლაა წარმოდგენილი, ხოლო ბატონი ლევან ბოძაშვილი პირველად იქნა წარმოდგენილი ამ თანამდებობაზე.

საკითხი მოსამზადებლად გადაეცა იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტებს. პოლიტიკურ ჯგუფებს შეუძლიათ შეხვდნენ კანდიდატებს - ვისაც ექნება სურვილი, იმიტომ რომ ორი კანდიდატი ადრეც იყო წარმოდგენილი, თუმცა ეს პოლიტიკური ჯგუფების გადასაწყვეტია.

რაც შეეხება ვადებს, კარგი იქნება თუ საკითხი მზად იქნება გადაწყვეტილების მისაღებად იმ დროისთვის, როცა პლენარული სხდომები გაიმართება ანუ სექტემბრის დასაწყისისთვის. მანამდე დრო არის განსახილველად“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.