ჩვენ ვართ ადამიანური სახის მქონე ხელისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულში განაცხადა, სადაც მან ადგილობრივ მოსახლეობას ხარაგაულის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კობა ლურსმანაშვილმა კარგად იცის ადგილობრივების ტკივილი და სიხარული და ის იქნება მათი ყველაზე კარგი და ხმამაღალი ხმა საქართველოს პარლამენტში.
”დღეს წარმოგიდგენთ ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს კობა ლურსმანაშვილი გახლავთ აქაური კაცი, თქვენიანი. ყველაზე კარგად იცის, თქვენი ტკივილი და სიხარული. ის იქნება ყველაზე კარგი და ხმამაღალი თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში. მინდა ყველა თქვენგანი დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობისთვის თოთოეული ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი ტკივილი, მისის სიხარული. ჩვენ ვართ ადამიანური სახის მქონე ხელისუფლება. ჩვენ ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში რაც შევძელით, ყველაზე მთავარი იყოს ის, რომ თავისუფლება მივეცით თითოეულ ადამიანს საქართველოში, მოვსპეთ ხელისუფლების შიში, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად იყო პრობლემა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში ბევრი პროგრამა განახორციელა, თუმცა პრემიერის განცხადებით, ”ეს არის შორს ჯერ კიდევ იმისგან, რაც ჩვენ გვინდა ჩვენი მოსახლეობისთვის”.
”მაქსიმალურად მოვეფერეთ ადამიანებს, რაც კი შევძელით, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებლებს იმ პროგრამებით, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ - სოფლის მეურნეობის წახალისების პროგრამები, ჯანდაცვის პროგრამა. ყველა ჩვენგანმა საკუთარ გულში ჩავიხედოთ, მართლაც არის თუ არა ის მნიშვნელოვანი, რომ დღეს ადამიანს აღარ უწევს სახლის დაგირავება, სესხის აღება იმისთვის, რომ საკუთარი თუ საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლე გადაარჩინოს. დამეთანხმებით, რომ ეს ბევრს ნიშნავს, მაგრამ ეს არის შორს ჯერ კიდევ იმისგან, რაც ჩვენ გვინდა ჩვენი მოსახლეობისთვის”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.