სომხეთის პოლიცია ერევანში რუსეთის ФСБ-ს სპეცდანიშნულების ძალების დანაყოფის ჩასვლას უარყოფს

სომხეთის პოლიცია ერევანში რუსეთის ФСБ-ს სპეცდანიშნულების ძალების დანაყოფის ჩასვლას უარყოფს

უკვე მეოთხე დღეა სომხეთში სამართალდამცავ ორგანოებსა და შეიარაღებულ ჯგუფს შორის, რომელიც ამ დრომდე ერევნის ერებუნის რაიონში პოლიციის საპატრულო-საგუშაგო პოლკის შენობასა და ტერიტორიას იკავებს, დაპირისპირება გრძელდება.

როგორც რადიო „თავისუფლების“ ერევნის ბიურო იმტყობინება, ამ დრომდე ჯგუფ „სასნა ცრერ“-ის წევრებს მძევლად ჰყავთ აყვანილი პოლიციის ოთხი თანამშრომელი.

გუშინ ღამის საათებში შენობის მიმდებარედ, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ ალყაშია მოქცეული, სამოქალაქო აქტივისტებთან შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც ოთხი სამართალდამცველი დაშავდა.

რადიო „თავისუფლება“ იტყობინება, რომ პოლიციამ უარყო შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის, ვარუჟან ავეტისიანის განცხადება, რომ სომხეთში, შენობის შტურმით ასაღებად რუსეთის ФСБ-ს სპეცდანიშნულების ძალების დანაყოფი „ალფა“ ჩავიდა.

გუშინვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერევანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და სომხეთის ხელისუფლებას შეკავებისკენ მოუწოდა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, უწყება „გმობს ძალადობის მეთოდს სომხეთში პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად“.

„ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთის ხელისუფლებას, გამოიჩინოს თავშეკავება სიტუაციის დარეგულირებაში“, - დასძინა მარკ ტონერმა.

17 ივლისს, დილის საათებში შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა სომხეთის საპატრულო-საგუშაგო პოლკის ტერიტორიაზე შეაღწია და მძევლები აიყვანა, მათ შორის სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვართან ეღიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი. თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, დაშავდა ხუთი.