თვითმხილველის ინფორმაციით, თავდამსხმელსა და დაჭრილს შორის დაძაბული საუბარი თავდაპირველად აღსრულების ეროვნული ბიუროს მისაღებში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ისინი გარეთ გავიდნენ, რამდენიმე წუთში კი სროლის ხმა გაისმა.
„საუბრობდნენ მისაღებში - რა საჭირო იყო ჩემი ასე ძებნა, მეც ხომ თანამშრომელი ვარ. ასეთი საუბრები მესმოდა, რის შემდეგაც ეს ადამიანები გარეთ გამოვიდნენ. დავინახეთ, რომ თავდამსხმელი უკნიდან მიუახლოვდა ორ პირს და ზურგიდან, შეიძლება ითქვას გვერდიდან ესროლა. შემდეგ თავდამსხმელს დაჭრილის თანმხლებმა პირმა ესროლა და ისიც დაჭრა. ანუ იყო ორმხრივი სროლა. გავიგე დაახლოებით 8 თუ 9 გასროლა“, - განაცხადა თვითმხილველმა ვლადიმერ შენგელიამ.
კითხვაზე, იყვნენ თუ არა თავდამსხმელი და დაჭრილი სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები, თვითმხილველმა აღნიშნა, რომ ის ამ ინფორმაციას არ ფლობს.
„როგორც ჩანს ალბათ, ორივე სამართალდამცავი იყო“, - განაცხადა შენგელიამ.
ამ დროისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორია და ავტოსადგომი სამართალდამცველებს ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩინეს, თუმცა უცნობია ვის ეკუთვნის აღნიშნული იარაღი.