"საზღვრის მსგავსი კონსტრუქციების მშენებლობა არ ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია რუსეთის გახდება"

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ NATO არასდროს შეეგუება რუსეთის ქმედებებს საქართველოში.

"მოამბის" კითხვაზე, რა უთხრა NATO-მ მოსკოვს ვარშავის სამიტზე საქართველოს შესახებ მიღებულ დეკლარაციაში ჩანაწერით, სადაც საუბარია საზღვრის მსგავსი მშენებლობის შეწყვეტის აუცილებლობაზე და მიუღებლობაზე, რითაც NATO შეშფოთებულია, აპატურაიმ აღნიშნა, რომ ალიანსს არ დაავიწყდება, რას აკეთებს რუსეთი საქართველოში.

"გვინდა, რუსეთმა იცოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რა ხდება უკრაინაში, სირიაში, იმის პარალელურად, რომ რუსეთსა და ალიანსს განსხვავებული მოსაზრებები აქვს, და ვერ თანხმდებიან აღმოსავლეთ ევროპაში წარმომადგენლობის გაზრდის აუცილებლობაზე, ალიანსს არ დავიწყებია და არ დაავიწყდება, რას აკეთებს რუსეთი საქართველოში. ამ ქმედებებს NATO არ შეეგუება. ასევე ვამბობთ, რომ გამყოფი ხაზები და საზღვრის მსგავსი კონსტრუქციების მშენებლობა არ ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია რუსეთის გახდება და არა საქართველოს ნაწილი", - განაცხადა აპატურაიმ.