საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ეჭვობს, რომ პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ კანდიდატებს კენჭი ამ მოწვევის პარლამენტმა უყაროს.
როგორც ქუცნაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხი „თავიდან ბოლომდე, ხელახლა ახალი უმრავლესობის პირობებში იქნება გასავლელი“.
„ამ მოწვევის პარლამენტი რამდენად შეძლებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებას, საკითხავია, რადგან რეალურად წინასაარჩევნო კამპანიაა დაწყებული. ალბათ, ახალ უმრავლესობას მოუწევს შეკრება და ამ საკითხის ახლიდან გავლა - ეს საკითხი თავიდან ბოლომდე ხელახლა იქნება გასავლელი. ეჭვი მეპარება, რომ ამ მოწვევის პარლამენტი შეძლებს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ ორი დღის წინ წარდგენილ კიდევ ერთ კანდიდატ ლევან ბოძაშვილს, დეპუტატის შეფასებით, ის კარგი იურისტია.
”ლევანი საკმაოდ კარგი იურისტია, უბრლაოდ რამდენად აქვს საპროცესო სამართლის ცოდნის გამოცდილება, ეს მეორე საკითხია, იმიტომ რომ სამოსამართლეო სამართალი, ეს პრაქტიკული სამართალია და ამ კუთხით არ ვიცი აქვს თუ არა ლევანს ნამუშევარი”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.