აჭარის მთავრობის ახალი მეთაური ზურაბ პატარაძე „რადიკალურ ცვლილებებს“ არ გეგმავს, თუმცა როგორც ის გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერის შემთხვევაში, ამ ეტაპზე ორი მინისტრი - ეკონომიკისა და ფინანსთა, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრი შეიცვლება.
კითხვაზე - მთავრობის თავმჯდომარედ არჩევამდე ვისთან ჰქონდა კონსულტაცია, ზურაბ პატარაძის თქმით, ის საქართველოს მთავრობის გუნდის წევრია და შესაბამისად, კონსულტაციები პრემიერთან ჰქონდა.
”მასთან ერთად რამდენიმე წელია ვმუშაობ. გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. ვფიქრობ, ის მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებსაც აჭარაში განვახორციელებთ. პრეზიდენტის როლზეც უნდა აღვნიშნო - მადლობა მას ნდობის გამოცხადებისთვის”, - აცხადებს პატარაძე.
მისივე ინფორმაციით, არჩილ ხაბაძე გუნდის წევრად რჩება. პატარაძე დარწმუნებულია, რომ ხაბაძე მთელ ენერგიასა და ცოდნას რეგიონის განვითარებას მოახმარს.
რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატის მურმან დუმბაძის განცხადებას, რომ პატარაძე წლების განმავლობაში ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი იყო, როგორც აჭარის მთავრობის მეთაური განმარტავს, დუმბაძისგან მსგავსი განცხადებები არაერთხელ მოუსმენია.
”მურმან დუმბაძისგან მსგავსი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, ეს ჩემთვის არ არის სიახლე, თუმცა ჩემი კუთხის სიყვარულში, ბათუმელობასა და ზოგადად, აჭარლობაში ის ნამდვილად ვერ გამეჯიბრება. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, თავადაც იამაყებს იმ მნიშვნელოვანი სიახლეებით, რაც აჭარას ელოდება”, - აღნიშნავს პატარაძე.